გუშინ "რუსთავი 2"-ის შენობასთან, "ქართული მარშის" წევრების აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა. ისინი წამყვანისა და არხის ხელმძღვანელობისგან გადაცემა P.S.-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს. მოგვიანებით "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წამყვანის განცხადების გამო, არხის სახელით, ბოდიში მოიხადა.
განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ქართველი სასულიერო პირები ეხმაურებიან:
დეკანოზი თამაზ ლომიძე:"წესიერ საზოგადოებაში კაცთმოყვარე ადამიანის ვალია, არ შეურაცხყოს ის, რაც სხვა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ან წმინდაა. ეს მორწმუნესთვისაც ასეა და ურწმუნოსთვისაც. წესიერი კაცი უბრალოდ ასე უნდა იქცეოდეს.
სულერთია რას იხუმრებს, ღმერთის და ჭეშმარიტების შეურაცხყოფა შეუძლებელია. ჭეშმარიტება ყველაფრის მიღმაა.
ზოგიერთს ღმერთის დაცვის სურვილი უჩნდება. ადამიანს კი მხოლოდ საკუთარ თავში შეუძლია დაიცვას ღმერთი. როცა ქრისტეს შესაპყრობად, დასაცინად, საფურთხებლად, საცემად და მოსაკლავად მიუვარდნენ მისი შეურაცხმყოფელნი, მკაცრად გააფრთხილა მისი ხმალამოღებული დამცველი, არ გაბედოო ძალადობა. ნუთუ გგონია, თვითონ არ შემიძლია ვთხოვო ჩემს ზეციერ მამას და იმწამს გამომიგზავნის ანგელოზთა თორმეტ მებრძოლ ლეგიონს? მაგრამ, ასე უნდა მოხდეს, ასე უნდა აღსრულდეს საღვთო განგებულება. ასე იქნება მანამდე, სანამ მეორედ დიდებით მოვა უფალი და მაშინ განისჯება ყველა. მანამდე კი წყალობა ნებავს უფალს და არა მსხვერპლი...
...თუ მაინცდამაინც რწმენასთან შეუთავსებელ უტაქტობაზე გვინდა საუბარი, გეტყვით რა არის ჩემთვის არა თუ ხუმრობით ნათქვამი, არამედ რეალურად წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და უპატივცემულობა ქვეყნის ყველაზე დიდი და ტრადიციული სარწმუნოებისა. ამ საშინელების ფონზე მართლმადიდებელი ერი სერიოზულად მსჯელობდა ე.წ. შუშის ხიდი და მილები უხდება თუ არა ნარიყალას. მე არ მეგულება მსოფლიოში ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქვეყნის უდიდესი და უავტორიტეტულესი ეკლესიის საპატრიარქოს და კათედრალის გვერდით კაზინოებია გახსნილი და ვნებას აყოლილი ხალხი ირევა. დღესაც, როცა თბილისში ვარ, გაოგნებული ვუყურებ ხოლმე რიგში ჩამწკრივებულ სიონს, კაზინოს, საპატრიარქოს და ისევ კაზინოს ბარათაშვილის კუთხეში. ამის მომთმენი ხალხი, ჟურნალისტს უპირებს ერთი ხუმრობისთვის ცემას, სარწმუნოება შეგვილახაო.
P.S. წარმოგიდგენიათ ვინმეს წმინდა პეტრეს მოედანი რომში და ზედ კაზინოები?"
საბა ინცკირველი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი:"ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, გასაკვირი არ არის ის რომ, მიუღებელია დამცინავი და მკრეხელური ფორმით იესუ ქრისტეს ხსენება. არც ბატონი გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული სიუჟეტი ყოფილა მისაღები და როგორც ქრისტიანს მქონდა რეაქციაც. თუმცა, შევთხოვ უფალს, რომ აპატიოს მას. ბატონო გიორგი, იესუ ქრისტე არის სიყვარული და ის გაპატიებთ მაგრამ, ეგრეთ წოდებული "ქრისტიანობის დამცველები" არ გპატიობენ. აი, ეს არის ჩემთვის გასაკვირი. მინდა გკითხოთ თქვენ ჩემო საყვარელნო?! არის თქვენთვის მისაღები დედის გინება იესუ ქრისტეს სახელის ხსენების შემდეგ?! ან მოწოდება რაიმე სახის ძალადობისკენ?! განა ასეთი საქციელით არ შეურაცხყოფთ იესუ ქრისტეს სახელს?! როდესაც ეკითხებიან იესუ ქრესტეს, რით გვიცნობენ ჩვენ რომ შენი მოწაფეები ვართ? უფალი მათ პასუხობს, "სიყვარულით!" ყველაზე მეტად რისი პრობლემაც არის დღეს ეს არის ქრისტიანობა სიყვარულის გარეშე; რაც ნიშნავს, ღმერთის გარეშე ყოფნას. შემთხვევით არ იყო წინა კვირას როდესაც, მისმა უწმინდესობამ მრევლს სამგზის გაამეორებინა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: "ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული გადაგვარჩენს"! პავლე მოციქული ბრძანებს, "სიყვარულმა დაჰფაროს სიმრავლეი ცოდვათა". მიუტევეთ და გიყვარდეთ ერთმანეთი! ქრისტეს მიერ სიყვარულით, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი)".
დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
"ბილწსიტყვაობით და ძალადობით "დაცული" ქრისტე და ქრისტიანობა?! სადამდე დამახინჯდა ადამიანთა სულები..."
მღვდელმონაზონი ანდრია:
"ქრისტიანული სული და სიყვარული ისე მარტივად "ეწირება" ჩვენს შეგრძნებებს, გასაკვირი არ არის იოლად შევამჩნიოთ როგორ დავცილდით უფალს. არასდროს იწვევდა გაკვირვებასა და აჟიოტაჟს ქრისტიანულ წრეში უფლის უდიერად მოხსენიება, პირიქით, მდევნელ სავლეს მოუწოდა ღმერთმა და გახადა პავლე, განა არ გვახსოვს? ჩვენ როგორ ვცდილობთ დაკარგული ადამიანის მოქცევას? გინებით? გასაოცარია ქრისტიანთაგან უფრო უარესი უღმერთობა, უსიყვარულობა, მორწმუნის ბაგიდან ლანძღვისა და გინების მოსმენა. უფალმა აუკრძალა მსგავსი ქმედება და მკაცრად უთხრა მოციქულს "ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება" (მთ. 26.52). სიყვარული და ადამიანის მოქცევის სურვილი უნდა იგრძნობოდეს ჩვენგან. მივუთითოთ და არ ვაგინოთ. ეს უფრო გავს პირადი ინტერესის ამოფრქვევას. ქრისტეზე მეტად, გარწმუნებთ, ჩვენს უღმერთობას ეტკინა!".
იერონიმე ქათამაძე, ათონზე მოღვაწე ბერი:
ჩემი აზრით:
1) ბატონმა გიორგი გაბუნიამ, ნამდვილად დაუშვა შეცდომა, როცა ირონიულად წარმოთქვა გადაცემაში, ის რაც თქვა, რადგან მან წინასწარ იცოდა, რომ იესო ქრისტეს სახელი ქართულ საზოგადოებაში არის ძალზედ სენსიტიური და მის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებას, აუცილებლად მოჰყვებოდა უარყოფითი დამოკიდებულება, ამიტომ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებად მივიჩნევ მის მიერ გაჟღერებულ სიტყვებს. ამიტომ მან აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ!
2) ის, რაც მოვისმინე და დავინახე, რუსთავი 2-ის შენობასთან, არის მეორე უკიდურესობა და ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც ქრისტეს გარდა ყველაფერი დავინახე. როგორ შეიძლება ქრისტიანმა ადამიანმა, ამ მძიმე მარხვაში მეორე ადამიანს, თუნდაც ათეისტს და მტერს მიაყენოს ამ დონის შეურაცხყოფა და დარწმუნებული ვარ, მანქანაში რომ არ მჯდარიყო ბატონი გაბუნია, აუცილებლად მოკლავდნენ სიამოვნებით, მინიმუმ დაასახიჩრებდნენ...
3) მიმაჩნია, რომ ბატონი გაბუნიას ნათქვამი იმდენად დიდი სიმძიმის სიტყვა არ იყო, რამდენადაც ე.წ "ქრისტეს დამცველთა" მიერ შეძახილები: "იესო ქრისტეს როგორ აყენებ შეურაცხყოფას შენი დედა.....", "ქრისტეს როგორ ახსენებ შე თე**ო" და ა.შ, ამის გაგონებაც კი მზარავს...
4) ჭეშმარიტი ქრისტიანები ორმოცეულის მარხვის პროცესში არიან და ელოდებიან უფლის აღდგომის დღესასწაულს, სინანულით და სიხარულით.... რომელ იქ მყოფ ადამიანში ამოიცანით მმარხველი?!
5) გაიჟღერა სიტყვებმა, "ეს რომ მუსლიმანურ ქვეყანაში მომხდარიყო, გაბუნიას ჩამოახრჩობდნენ, ან ცოცხლად გაატყავებდნენ და ჩვენ რატომ უნდა მოვითმინოთ"-ო.
ანუ გესმით თქვენ ეს სიტყვები რას ნიშნავს?! ადამიანებმა ისიც კი არ იციან, რატომ არ უნდა მოკლან სხვა ადამიანი... იმიტომ რომ იმ უფალს, რომელსაც თითქოს თქვენ იცავთ, ნათქვამი აქვს თქვენდამი საუკუნეების წინ, რომ არა "კაც-ჰკლა"! თქვენ ვერ იაზრებთ, რომ ქრისტიანობა არ არის ჯიჰადისტობა?!
რომ გჭირდებათ მუსლიმებს ჰბაძავთ, მაგრამ მუსლიმებს კიარა ჯიჰადისტებს და რომ გჭირდებათ, ღორის თავს უკიდებთ მუსლიმებს მედრესეზე!
ღმერთმა შეგვამეცნებინოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა!"
მას შემდეგ რაც ბერმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, მისი თქმით, "ქართული მარშის" წევრებმა სალანძღავი პოსტები მისი მისამართითაც გაავრცელეს: