კესო როსტომაშვილი 4 წლიდან ხატავს. პატარა მხატვარი 18 მარტს 9 წლის გახდა და გადაწყვიტა საკუთარ დაბადების დღეზე პერსონალური საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო, აღნიშნული გამოფენიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხა დაავადებული თანატოლებისთვის. გამოფენაზე პატარა მხატვარმა ბერი ანდრიას ფონდიდან ლეიკემიით დაავადებულ პატარებს და დედა თინათინს უმასპინძლა. ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა სწორედ ბერი ანდრიას ფონდს გადაეცემა სრულად.
ინგა ქლიბაძე, კესოს დედა: "2 წლის წინ ლეიკემიით დაავადებულმა ბავშვებმა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. მე და კესო წავედით, საახალწლო ნივთები, ნაძვის ხის სათამაშოები იყო გამოფენილი. კესო მაშინ 7 წლის იყო, ძალიან მოეწონა და როდესაც გაიგო რისთვის ყიდდნენ ბავშვები ნივთებს, თვითონაც გამოთქვა სურვილი, რომ თუკი შეიძლება ბავშვებმა რაღაცეები გავაკეთოთ, გავყიდოთ და დავეხმაროთ, მოდი ჩემი ნივთებით და ნახატებითაც დავეხმაროთო. გამოფენის მოწყობის ინიციატორი იყო კესო.
ერთ რაღაცაში გამოვტყდები, ძალიან მენანებოდა ნახატების დათმობა, პატარაობიდან რასაც ხატავდა, ყველა ნამუშევარი მაქვს საგულდაგულოდ შენახული. ორი წლის წინ ვერ გავბედე, წელს კი ჩავთვალე საჭიროდ, რომ თუკი შეუძლია მის თანატოლებს დაეხმაროს, თუნდაც მცირედით, ეს ძალიან დიდი მადლი იქნება მისი მხრიდან. არ წავედი მისი სურვილის წინააღმდეგ. დაბადების დღეს დავამთხვიეთ გამოფენა-გაყიდვა.
კესო როსტომაშვილი: "მე აქამდეც ბევრჯერ მომიწყვია გამოფენა, თითქმის ყოველ დაბადების დღეზე. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ნახატები არასდროს გამიყიდია. ხატვა არის ჩემთვის უდიდესი დასვენება, ვერ ვანებებ თავს. დავდიოდი უამრავ სტუდიაში და მათგან მაქვს მიღებული ბევრი სიგელი. თუმცა ისეთი სტუდია, რომელშიც ახლა დავდივარ, არ შემხვედრია. სტუდია „პალიტრამ“ ბევრი რამ მასწავლა.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თითქმის ყველა ნახატი გაიყიდა, შემოსული 385 ლარი კი, სრულად გადაირიცხა ბერი ანდრიას სახელობის ფონდში.
თათა ბერაძე
AMBEBI.GE