მუსიკოსი გიორგი ცაგარელი "ბადაგონთან" დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

მუსიკოსი გიორგი ცაგარელი "ბადაგონთან" დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

კომპანია "ბადაგონის" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მუსიკოსი გიორგი ცაგარელი განცხადებას ავრცელებს:

"უკვე თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში დამიგროვდა უამრავი კითხვა…

მე არ მესმის, თუ კი რამდენიმე თვის წინ ბადაგონი ხელისუფლების წარმომადგენლებთან (პრემეირ მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი) ერთად ზეიმობდა 5 მილიონი ბოთლის ექსპორტს ჩინეთში, მაშინ ერთნი იყავით და ეს საერთო, დიდი გამარჯვება იყო, ბადაგონის წარმატება საქართველოს წარმატება იყო, გოგი სალაყაიას წარმატება თქვენი წარმატება იყო და დღეს, როდესაც ფინანსური პოლიციის ქმედებების გამო ჩინეთი ფაქტიურად წყვეტს ბადაგონთან (ანუ საქართველოსთან) ურთიერთობას, დღეს ეს მხოლოდ ბადაგონის პრობლემად რჩება და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებას არავინ აპირებს?! ამით მხოლოდ კერძო კომპანია ზარალდება და საქართველოს იმიჯსა და ბიუჯეტს ეს არ ეხება?

მე არ მესმის, თუკი აბსოლუტურად ყველა შეთანხმდა უკვე იმაზე, რომ ეს დავა ორი კერძო პირის დავაა, მაშინ რატომ მოხდა ფინანსური პოლიციის შევარდნა ბადაგონში?!

მე არ მესმის, თუკი მომჩივანი მხარე თვითონ აღიარებს, რომ არსად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რაიმე ძალდატანებით მოხდა 30 მილიონიანი კრედიტისა და ვალების მქონე კომპანიის წილების გაყიდვა და არსად არ წერია კონტრაქტში, რომ გაყიდვის შემდეგ რაიმე ზეპირსიტყვიერი შეთანხმებები ამოქმედდებოდა, მაშინ 3 წლის შემდეგ, როდესაც მხოლოდ 2 მილიონი ლარი კრედიტიღა დარჩა ბადაგონს და გახდა ლიდერი თავის სფეროში, გაიარა ყველანაირი აუდიტი და იქეთ სახელმწიფოს ჰქონია ბადაგონის ვალი რამდენიმე ათასი ლარი, სწორედ მაშინ რატომ ხდება დაუსაბუთებელი ჩივილის საფუძველზე ფინანსური პოლიციის შეჭრა?! ამ ლოგიკით ხომ ყველა ყველგან შეიძლება "შეიჭრას"?!

მე არ მესმის, სახელმწიფო რატომ არ ზრუნავს და კბილებით არ იცავს ანტი-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე რამდენიმე ადამიანის ჯგუფისგან იმ კომპანიას, რომელსაც ქართული ღვინით მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სახელი გააქვს და თანაც ასე წარმატებულად?

(ქართული მრავალხმიანობა, ქართული ცეკვა, ქართული ღვინო-ეს ხომ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი განძია ჩვენი ქვეყნისა, რასაც მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდება?!)

მე არ მესმის, თუკი ასოცირების ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომელიც დარგის ლიდერი კომპანიისადმი განსაკუთრებულ, სხვა მიდგომას ავალდებულებს სახელმწიფოს, მაშინ რატომ არ ხდება ამ პუნქტის შესრულება?

მე არ მესმის, საქართველოში დარეგისტრირებული 250(!) ღვინის კომპანიიდან რატომ არავინ იღებთ ამ ყველაფერზე ხმას და რატომ არ უდგებით თქვენს კოლეგას გვერდში? ნუთუ არ იცით, რომ სწორედ ამიტომ ხდება მსგავსი ფაქტები ჩვენს ქვეყანაში, რომ არ ვიცით კოლეგიალობა, არ ვიცით სხვისი პრობლემების მძაფრად აღქმა და არასდროს ვფიქრობთ, რომ მსგავსი გვერდით განდგომით ყოველთვის ისარგებლებენ და ერთ დღესაც თქვენც მოგადგებიან?! (თუმცა თქვენგან განსხვავებით ათობით ათასი ადამიანი უდგას ბადაგონს გვერდში და არა მგონია თქვენი მოცემული მაგალითის შემდეგ თქვენც ასე დაგიდგნენ თუნდაც თქვენი პროდუქციის შეძენის სახით). სხვათაშორის 2006 წელს ღვინის დაქცევის ფაქტი იმ დროინდელი ხელისუფლებისა და ერთ-ერთი ღვინის კომპანიის თანამშრომლობის შედეგი იყო...

მე არ მესმის, რატომ სვამთ "საქართველოს", "ღვინის მადლის", "სუფთა კაცის", მოკლედ კაცობის და სიკეთის ლამაზ სადღეგრძელოებს, თუკი თქვენი მორალი გაძლევთ იმის უფლებას, რომ უკვე გაიქეცით და ბადაგონის პარტნიორებს არწმუენებთ იმაში, რომ "ბადაგონის საქმე წასულია" და სჯობს თქვენთან ითანამშრომლონ?!

მე არ მესმის, ნუთუ საქართველოს პრეზიდენტს ასე არ ადარდებს მსგავსი პრობლემები, რომ საერთოდ ერთხელაც კი არ მოუკითხავს ეს ამბავი?! განა მის მოვალეობაში არ შედის მსგავსი საკითხები!

მე არ მესმის, კომპანიას, რომელთან პარტნიორობით სხვა ქვეყნები ასე ამაყობენ, საკუთარი ქვეყანა რატომ ჩაგრავს?!

მე არ მესმის, ადამიანმა, რომელმაც გაუძლო წინა ხელისუფლების დროს უამრავ წნეხს (მხოლოდ ღვინის გადასხმას არ ვგულისხმობ), ადამინმა რომელმაც თავისი თავისა და კომპანიის რისკად ლიზა ბაგრატიონი(რომელიც იმ დროს ყველგან აკრძალული იყო) არ გაათავისუფლა ბადაგონიდან იმ “დემოკრატი” ხელისუფლებისგან მკაცრი მითითებების მიუხედავად, ადამიანმა რომელმაც ფინანსურად ბადაგონისთვის ურთულეს დროს უამრავი არაკომერციული, "არამომგებიანი” კულტურული პროექტი დააფინანსა ქართული ხელოვენბისადმი განსაკუთრებული მოვალეობისა და სიყვარულის განცდის გამო, ადამიანმა რომლის მეშვეობითაც ბადაგონმა ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის ისტორიული მარანი აღადგინა, ადამიანმა რომელმაც მოახერხა და 600 ადამიანი დაასაქმა კომპანიაში, სადაც სახელფასო ფონდი წლიდან წლამდე იზრდება და უკვე 4 მილიონ ლარს შეადგენს, ადამიანმა რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ბიუჯეტში წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი მილიონი ლარი შედის, ადამიანმა რომელმაც საკუთარი კრედიტების ხარჯზე შექმნა ნომერ პირველი ღვინის ქარხანა აღმოსავლეთ ევროპაში, ადამიანი, რომლის მეშვეობითაც მოხერხდა ათობით მილიონი ბოთლის გატანა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ადამინი, რომელიც უამრავი რისკისა და პრობლემის მიუხედავად მხოლოდ და მხოლოდ ხარისხზეა ორიენტირებული, ადამიანი, რომელიც ბადაგონის თითოეულ გადაგმულ ნაბიჯს საქართველოს ნაბიჯებთან აიგივებს და ყველაფერს აკეთებს, რათა ბადაგონმა ჩვენს ქვეყანას მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს, ადამიანმა, რომელმაც თითოეული თანამშრომლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ის შექმნა ბადაგონში, რაც ძალიან იშვიათია მსგავს დიდ კომპანიებში - გუნდურობა, ბადაგონის ერთ დიდ ოჯახად აღქმა და ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემა და სიყვარული! (ეს არ არის პათეთიკა, ეს რეალობაა!)

ნუთუ სახელმწიფოსგან ამას იმსახურებს? ნუთუ ის მუხლი, რომელიც 7-11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს ამ ადამიანმა დაიმსახურა?!

ერთი რამე მესმის ხოლოდ! ადამიანი, რომელიც იმდენად ენდობოდა დღევანდელ მთავრობას, დღევანდელ კურსს, რომ 3 წლის განმავლობაში 100% წილის შესყიდვის შემდეგ რამდენიმე პროცენტიც კი არ “გადააფორმა” (რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა, რომ ეს შემოვარდნა ვერ გაებედათ), ადამიანი, რომელიც არასდროს არ იჭერდა საქმეს სხვადასხვა ბიზნეს ლობებთან, რადგან ვერ ხედავდა ამის აუცილებლობას, ადამიანს რომელიც მადლიერი იყო და არის იმით, რაც ამ მთავრობამ გააკეთა თუნდაც მხოლოდ მის სფეროში-სოფლის მეურნეობაში და ზოგადად ყველა სფეროში და თქვენი გუნდისადმი ხალხის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამდა, ადამიანს, რომელსაც ამხელა ნდობა, სიმპათია და პატივისცემა ჰქონდა თქვენდამი - ისჯება მისი გულბრყვილობისთვის! ისჯება მისი კეთილსინდისიერებისათვის, ისჯება იმისათვის, რომ სხვებივით არავის “უძვრება” და პატიოსანი ადამიანის სახელი აქვს, რაც, რატომღაც, არა თუ დაუფასებელი თვისება გახდა, არამედ დასაცინი და”ბიზნესმენისთვის შეუფერებელი”-ც კი!

და ბოლოს მინდა ჩემს გულშემტკივრებსა და ახლობლებს მოგიყვეთ…რამდნიმე თვის წინ მქონდა შემოთავაზება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მუსიკოსისგან, რომელსაც არ დავთანხმდი (მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სწავლის შემდეგ ერთხელ უკვე დავბრუნდი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტებისა და პრინციპების გამო, ვიდრე კარიერაა), რასაც თავის თავად ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების მხრიდან გაბრაზება, გაკვირვება და კიდევ ერთ სიგიჟეთ აღქმა მოჰყვა, მაგრამ არგუმენტი, რაც იმ მუსიკოსს ვუთხარი, სწორედ ყველაზე გასაგები მისთვის აღმოჩნდა, რადგან მან ზუსტად იცის ამ ყველაფრის ფასი. არგუმენტი კი იყო ის, რომ გოგი სალაყაიმ და ბადაგონმა მე და ჩემს მუსიკოს კოლეგებს მოგვცა შანსი ჩვენს სფეროში ახალი და ვფიქრობ ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე სწორედ საქართველოში გვეკეთებინა, მოგვეცა საშუალება ამ მუსიკლაური პროდუქციის საზღვრებს გარეთ, როგორც ქართული პროექტის გატანისა, ამ შემოვარდნამდე ერთი დღით ადრე კი კიდევ ერთ დიდ პროექტს ვგეგმავდით "არტარეასთან" ერთად, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო ბადაგონისათვის, როგორებიცაა გია ყანჩელის სახელობის ყოველწლიური პრემია, წელს დაარსებული სპეციალური ჯილდო “წინანდლის პრემია”-ზე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის ყოველწლიურად ინსტრუმენტების შეძენა, სწორედ ახალგაზრდული ღვინის GAU#5-ის შექმნით გაჩენილი ინსპირაცია და იდეაა, რაც მე და Kordz-ის კოლაბორაცია და Zagareli & Strings-ის პროექტებში ისახება, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო… გოგი სალაყაია არის ადამიანი, რომელმაც დამანახა, თუ რა არის შრომისმოყავრეობა, საქმისადმი თავდადება, პროფესიულ რისკებზე წასვლა, მუდამ ახლის ძიებისკენ სწრაფვა, დამარცხებასთან არ შეგუება და რაც მთავარია, ფინანსურად ყველაზე რთულ პერიოდშიც კი მისი ქველმოქმედებით მე და ჩემს სფეროში მოღავაწე ადამიანებს (საერთოდ იმ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლიბიც არაკომერციულ პროდუქტს ვქმნით) გაგვიჩინა ნდობა ისეთი მოვლენისა და ცნებისადმი, როგორიცაა “ბიზნესმენი”, (ვისაც, ალბათ დამეთანხმებით, ევროპისგან გასნახვავებით, პოსტ-საბჭოთა სივრცეში არც თუ ისეთი კარგი რეპუტაცია გააჩნიათ).

P.S. გთხოვთ "მიშისტები" და მსგავსი სექტანტები ნუ გამომეხმაურებით, მით უფრო, როცა თქვენი ამ საქმისადმი სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი სპონსორების ამ საქმეში მონაწილოებას!" - წერს ცაგარელი.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის