კომპანია "დოპელმაიერის" წარმომადგენლებს გუდაურში ავარიულად გაჩერებული საბაგირო "საძილეს" სადგურზე საგამოძიებო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შემდეგ ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
"ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია ავარიის გამომწვევი მიზეზების ღიად და გამჭვირვალედ და რაც მთავარია, ობიექტურად დადგენის სურვილით, რასაც პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობა უზრუნველყოფს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანიას "ბიურო ვერიტასი", რომელმაც თანხმობა განაცხადა, საკუთარი წარმომადგენელი მოავლინოს გუდაურში ვითარების შესასწავლად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეგად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთ-ერთ საბაგიროზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არაერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე", - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.