არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარ კანდიდატურას ხსნის. ზვიად დევდარიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი, რაც დღეს „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადებით გაგრძელდა, რომელიც ლახავს ჩემს რეპუტაციას, ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს. ამ პირობებში ძალიან მიმძიმს ემოციების გვერდზე გადადება, თუმცა გამოწვევა სერიოზულია და რისკები მხოლოდ პიროვნულად მე არ მიკავშირდება.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად ამ დისკუსიასა და განცხადებაშიც არეულია მორალისა და „დანაშაულის“ შემადგენელი. ვიღაცას შეიძლება მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები განცხადებაში, ბოროტად არასდროს გამომიყენებია.
დღეს გავრცელებული განცხადება პირდაპირაა დაკავშირებული სახალხო დამცველის მიერ ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერასთან, რამაც გააჩინა შესაძლებლობა საბჭოში პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრი ყოფილიყო წარმოდგენილი.
იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ მივიღე შეტყობინება ქალთა ჯგუფების მხრიდან, რომ მომეხსნა ჩემი კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავრცელდებოდა ღია წერილი, ვთვლი, რომ არის მიზანმიმართული შანტაჟი.
წლებია ქალთა მოძრაობის წევრებთან საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებს და ერთად ბევრი მნიშვნელოვანი საქმეც გვიკეთებია ქალთა უფლებების სფეროში. ამ ფონზე ისმის ძალადობასა და დანაშაულზე დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაზეც განცხადებაშია საუბარი და რაც არანაირ შესაძლებლობას არ მაძლევს ჩემი პოზიცია გამოვხატო კონკრეტულ შემთხვევებზე. მე არასდროს გამჭირვებია შეცდომის აღიარება, როდესაც ჩემთვის ნათელია საკუთარი გადაცდომა და ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.
თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა.
ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან.
აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ ჩემი, ვინც ამ რთულ მომენტში მინიმუმ კითხვის ნიშანს სვამს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამავე დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ქალთა უფლებების მნიშვნელობას”, - ნათქვამია ზვიად დევდარიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ქალთა მოძრაობამ" საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს დღეს მიმართა. მიმართვაში “ქალთა მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად წარდგენილ ზვიად დევდარიანს, „ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებაში“ ადანაშაულებს.
როგორც “ქალთა მოძრაობის“ საგანგებო მიმართვაშია ნათქვამი, ზვიად დევდარიანი მხილებულია „სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში“.