პირველადი შესწავლით დგინდება, რომ „ფეროშენადნობთა“ ქარხანაში დასაქმებულ დავით ძაბირაძეს შემთხვევის დროს არ ეკეთა ინდივიდუალური დაცვის საშუალება, კერძოდ, დამცავი ქამარი, რაზეც ბრალეულობის მეტი ტვირთი ადმინისტრაციაზე ვრცელდება, - ამის შესახებ პროფკავშირების მთავარმა ტექნიკურმა ინსპექტორმა ნიკა კაკაშვილმა ზესტაფონის „ფეროშენადნობთა“ ქარხანაში 12 მარტს 55 წლის მამაკაცის დაღუპვის მიზეზების კვლევის საკითხზე განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ქარხნის ადმინისტრაცია შეეცდება გაამტყუნოს გარდაცვლილი, პროფკავშირი აქტს ხელს არ მოაწერს და გარდაცვლილის ოჯახი თანახმობის შემთხვევაში სასამართლოში იდავებს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს უბედური შემთხვევის მოკვლევა. აქტი ჯერ არ შედგენილა და უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი მოკვლევის ჩატარება ქარხნის ტერიტორიაზე. პირველადი შესწავლით დგინდება, რომ დავით ძაბირაძეს შემთხვევის დროს არ ეკეთა ინდივიდუალური დაცვის საშუალება, კერძოდ, დამცავი ქამარი, რაზეც ბრალეულობის მეტი ტვირთი ადმინისტრაციაზე ვრცელდება. თუ ქარხნის ადმინისტრაცია შეეცდება გაამტყუნოს გარდაცვლილი, პროფკავშირი აქტს ხელს არ მოაწერს და სასამართლოში იდავებს, თუ რა თქმა უნდა გარდაცვლილის ოჯახი თანახმა იქნება“, - განაცხადა ნიკა კაკაშვილმა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, კომისიის მუშაობაში პროფკავშირების მთავარი ტექნიკური ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი და დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა მაჩიტიძე მონაწილეობენ. შესწავლის საგანი მომხდარი შემთხვევის მიზეზების დადგენაა.
დავით ძაბირაძე 12 მარტს, 40 მეტრის სიმაღლიდან მაშინ ჩამოვარდა, როდესაც ძველი თუნუქის სახურავს ახალი ფირფიტებით ცვლიდა. ის მიღებული ტრავმებით ადგილზევე გარდაიცვალა. პროფკავშირების სტატისტიკით მიმდინარე წელს, მხოლოდ ორთვენახევრის მანძილზე სამუშაო ადგილებზე 9 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. სამუშაო ადგილებზე ინსპექტირებას პროფკავშირების გაერთიანება ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.
უბედური შემთხვევის კვლევის კომისიის შექმნა საწარმოს ადმინისტრაციას მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიურ მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირმა მოსთხოვა.