საქართველოს პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომელშიც ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” იქნება გათვალისწინებული და დაწესდება სანქციები რუსეთისთვის, - ამის შესახებ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
„ეს იქნება რეზოლუცია, რომელიც დაგმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსეთის ფედერაციას და შეიმუშავებს კონკრეტულ ინსტრუმენტებს, თუ როგორ აღვუდგეთ მსგავს სამარცხვინო და ტრაგიკულ ფაქტებს. დავასრულეთ კონსულტაციები, შეთანხმებული ვართ პრინციპებზე და საერთო ტექსტზე, დაგვრჩა მხოლოდ ტექნიკური საკითხები“, - განაცხადა კაპანაძემ.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ რეზოლუციას პარლამენტი მომავალ კვირაში მიღებს.