დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწებს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე "მგზავრების" მუსიკალურ ტურნესთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში კონცერტებს გამართავს, კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს:
"დაიმახსოვრეთ, ასეთები ღუპავენ ქვეყანას. ეს 7 ეთნიკურად ქართველი არავითარ სოლიდარობას არ გრძნობს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მიმართ და მზადაა მოსკოვში იმღეროს მაშინ, როცა არჩილის დედას შვილის ცხედარსაც არ აძლევენ ისინი, ვისაც ამათ უნდა უმღერონ", - წერს დეკანოზი და კომენტარებში პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მაგალითი მოჰყავს, რომელმაც განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემამდე, ხეობის მაცხოვრებელთა მიერ საპროტესტო აქციების გამართვა, არასწორად მიაჩნია.
"შეადარეთ, ეთნიკურად ქისტი, მაგრამ საქართველოს ნამდვილი მოქალაქე", - წერს მოძღვარი.
თამაზ ლომიძის პოსტს ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძეც, რომელიც წერს: "რამდენი გადაუხადა პუტინმა?".
სწორედ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად, შესაძლოა 28 მარტისთვის მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ეკა მამალაძემ ტელეკომპანია "იბერიასთან" ისაუბრა.
თემა ბოლო წლებია აქტუალობას არ კარგავს. უნდა იკეთებდნენ თუ არა ქართველი მომღერლები კარიერას რუსეთში? ამ საკითხთან დაკავშირებით "ამბები.გე"-მ საკუთარი მკითხველის კომენტარები შეკრიბა და გამოაქვეყნა. კომენტარები ძირითადად კრიტიკული შინაარსისაა.