ავტორი:

"ასსა" რომ იტალიაში წარვადგინეთ, დარბაზი ვერ წყნარდებოდა..." - "სუხიშვილების" მოცეკვავის მოგონებები ქართული ცეკვის ლეგენდებზე

"ასსა" რომ იტალიაში წარვადგინეთ, დარბაზი ვერ წყნარდებოდა..." - "სუხიშვილების" მოცეკვავის მოგონებები ქართული ცეკვის ლეგენდებზე

ცეკვა მისი საქმიანობაა და ცხოვრების თანამგზავრიც. წლები გაატარა "სუხიშვილების" ანსამბლში. 15 წლის წინ სტილიზებული ფოლკლორის თეატრი "ნაბადი" დააფუძნა, და მისი სამხატვრო ხელმძღვანელია. ისევ ცეკვას ემსახურება და გამოცდილებას ახალ თაობებს უზიარებს. როგორ მოხვდა "სუხიშვილებში", რა ურთიერთობა ჰქონდა ქართული ცეკვის ლეგენდებთან, როგორ იცეკვა ნინო რამიშვილის შემდეგ პირველად "ილოური" და რა იყო მისთვის რევოლუციური პროექტი "ასსა" - მოცეკვავე ნინო ტურაბელიძე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში საინტერესო ეპიზოდებს იხსენებს...

"სუხიშვილების სტუდიას რომ ვამთავრებდი, ილიკო (უფროსი) სუხიშვილი შემოწმებაზე მოვიდა, რეპეტიციას დაესწრო და მოვეწონე. იმ პერიოდში ვცეკვავდი "ჯეირანს", "მწყემსურს", ბევრი სოლო ნომერი მქონდა. მითხრა, სტუდიას, რომ დაამთავრებ, ჩვენთან, ანსამბლში უნდა მოხვდეო (სადღაც, 1983 წელი იყო). სტუდია 1985 წელს დავამთავრე და ანსამბლისთვის რამდენიმე გოგო თავად ნინო რამიშვილმა შეგვარჩია. ახლა გასტროლებზე მივდივართ და რომ ჩამოვალთ, აუცილებლად მოხვალ ჩვენთანო.

იმ პერიოდში სკოლაც დავამთავრე, ინსტიტუტში ჩაბარებაც მინდოდა, გამოცდებისთვის ვემზადებოდი და ასეთი რამ მოხდა - აგრარულ უნივერსიტეტს ქორეოგრაფიული ანსამბლი "გორდა" ჰქონდა, მის ხელმძღვანელს ერთი მოცეკვავე გოგონა სჭირდებოდა, ანსამბლი მოსკოვში, ფესტივალზე მიდიდოა. მოკლედ, აღმოვჩნდი იმ ფესტივალზე, სადაც სუხიშვილებიც იყვნენ. გაირკვა, რომ "გორდა" და სუხიშვილები იმ ერთ პროექტში გაერთიანდნენ. იქ მნახა ნინო რამიშვილმა და მითხრა, ჩვენთან უნდა მოსულიყავი და აქ რა გინდაო? ისე მოხდა, რომ სუხიშვილების ანსამბლს იქვე შევუერთდი და იმის მერე გავხდი მისი სრულუფლებიანი წევრი - 20 წელი კი სიამაყით ვატარე ეს სახელი!

- ქართული ცეკვის ლეგენდებთან მუშაობდით. გაიხსენეთ ისინი, როგორია თქვენი თვალით დანახული ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი?

- ბატონ ილიკოსთან ფაქტობრივად, მუშაობამ არ მომიწია, ანსამბლში რომ მივედი, გარდაცვლილი იყო. თუმცა, ქალბატონი ნინოს აღზრდილი ვარ, ბევრჯერ მითქვამს, რომ მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემთვის მხოლოდ ცეკვის პედაგოგი არ იყო, მისაბაძი ადამიანი გახლდათ, ლეგენდა, რომელთანაც მქონდა შეხება. მხოლოდ ჩემთვის კი არა, ყველასთვის ასეთი იყო. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ქალბატონ ნინოსთან. უყვარდა ჩემი ოჯახი და ჩვენთან სტუმრობაც, გვიანობამდე რჩებოდა. ერთხელაც ვუთხარი: თქვენში 2 პიროვნებაა - ერთი მკაცრი, შეუვალი ქალბატონი, მეორე - ძალიან საყვარელი, თბილი-მეთქი. ასევე უყვარდა ჩემთან საუბარი და მოგზაურობაშიც ხშირად ვისხედით ერთად და თავისი ცხოვრებიდან ბევრ რამეს მიყვებოდა. სასიამოვნო მოსაუბრე იყო. ალბათ მეც კარგი მსმენელი ვიყავი მისთვის და ამიტომ მიყვებოდა ამბებს და ხუმრობდა კიდეც. მის სიტყვას ფასი ჰქონდა.

ჩვენს ჩაცმულობას, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ყველგან დიდ ყურადღებას აქცევდა. დაწყებული აეროპორტიდან, უცხო ქვეყნის ქუჩებში მოძრაობის დროსაც ისეთები დავდიოდით, ახლა ოპერაში არ დადიან ასე ჩაცმულ-გამოწყობილები. უცხოელებიც სულ აღნიშნავდნენ, სუხიშვილების მოცეკვავეები სხვებისგან გამოირჩევიან, თუნდაც სიარულის მანერით, ჩაცმულობითო. თავადაც სულ მოწესრიგებული იყო. ბოლო დროს, როდესაც არ იყო კარგად და მის სანახავად სახლში მივდიოდი, სულ ფორმაში იყო.

- ნინო რამიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ანსამბლის ხელმძღვანელი მისი შვილი, თენგიზ სუხიშვილი გახდა. ისიც მკაცრი იყო?

- ძალიან მაკლია ბატონი თენგიზი. ჩემთვის თენგიზ სუხიშვილი კოლორიტი იყო, ნამდვილი თბილისელი, ძალიან დახვეწილი პიროვნება და ჩემი ახლო მეგობარი. როგორც ქალბატონ ნინოსთან, შემდეგ ბატონ თენგიზთან ისევე გაგრძელდა ჩემი ურთიერთობა. როდესაც უმცროსმა ილიკომ "ილოური" დადგა, ერთ-ერთი მოცეკვავე მე ვიყავი. ბატონ თენგიზს ჩემი შესრულება ძალიან მოსწონდა. არ მახსოვს, "ილოურის" ცეკვის დროს მარცხენა კულისში არ მდგარიყოს. ცეკვა რომ დამთავრდებოდა, თავს დავუკრავდი მაყურებელს, კულისებისკენ მივდიოდი და ბატონ თენგიზს ხელი ჰქონდა გამოწვდილი, რომ ხელი დამეკრა. ხან ტურჩოს, ხან ტურიკას მეძახდა. მოკლედ, არ მახსოვს, თენგიზ სუხიშვილის გარეშე "ილოური" მეცეკვოს. როდესაც ილიკო "ილოურს" დგამდა, მითხრა, რომ საპასუხისმგებლო ცეკვა იყო, რადგანაც მას ქალბატონი ნინო და ილიკო ცეკვავდენ... თან, პრემიერა ოპერაში გვქონდა. ექსპრომტად, 4-5 რეპეტიციაში დადგა. "ილოური" ყველამ მქუხარე ტაშით მიიღო...

ერთხელ კონცერტზე (ცეკვას მე, ტატა გომელაური და კიდევ 2 ბიჭი ვცეკვავდით) ტატას ვუთხარი - მოდი, პარიკები მოვიხსნათ და ქუდები ჩვეულებრივად თავზე ისე დავიხუროთო. ცეკვის ბოლოს ქუდები რომ მოვიხსენით და საკუთარი თმით წარვდგექით, ბატონი თენგიზის კი გვეშინოდა, არ გაბრაზებულიყო, მაგრამ მოეწონათ და ნომერი ასეც დატოვეს.

- ილიკო სუხიშვილმა 15 წლის წინ შექმნა პროექტი "ასსა". იმ ქალთა ოთხეულში თქვენც იყავით. როგორ მიიღეთ მაშინ ის სიახლე თავად მოცეკვავეებმა?

- სიახლეს ხელოვნებაში ყოველთვის მივესალმები. მით უმეტეს, ექსპერიმენტს. ჩვენთვისაც ახალი იყო "ასსა". არ შეიძლება ადამიანმა აკეთო ერთი და იგივე. მუშაობისას თავისით მოდიოდა ყველაფერი, შინაგანდ ჩვენი იყო და ამიტომ. ეს გამართლებული პროექტი გახლდათ. თუ სხვის მუსიკაზე კლუბში ცეკვა შეგიძლია, რატომ არ უნდა შეგეძლოს შენს მუსიკაზე ცეკვა - შენი პლასტიკა გამოიყენო?! ამიტომ, პროექტი ძალიან ნიშანდობლივი იყო. დაუვიწყარი იყო "ასსას" გრანდიოზული პრემიერაც. მთავარია, ხელოვანმა სიახლე დანერგოს და შემდეგ მაყურებელი თავად გადაწყვეტს მის ბედს. იქ, სადაც ქართულ ცეკვას, ქართულ პლასტიკას მთელი კავკასია და ამიერკავკასია ეუფლება და მერე ქართულს არქმევენ მას. თუ არ განვვითარდით, ახალი არ შეიქმნა, საინტერესოც არ იქნება. უნდა შევიგნოთ, რომ ვაკეთოთ და ვეძებოთ ახალი. ამიტომ, ვფიქრობ, "ასსა" შედგა - მაყურებელმა მიიღო და არა მარტო ქართველმა.

იტალიაში რომ წარმოვადგინეთ, ხალხი დარბაზში ვერ წყნარდებოდა. უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვისაც, ილიკო გვენდო, ფაქტობრივად, თავის სული, ჩანაფიქრი გვანდო. თან, ადამიანი პირველად დგამდა ამ ნაბიჯს და უნდა გაგვემართლებინა. მუშაობის პერიოდში ილიკო მეუბნებოდა, ჩემი მუზა ხარო... ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მოვხვდით - მე, თეა დარჩია, პუსკა გამსახურდია, ტატა გომელაური, თიკო ალავიძემ (ზაზა ფაცულიას მეუღლე) კი უკვე მე შემცვალა, როდესაც ანსამბლიდან წამოვედი და ჩემი ახალი საქმიანობა დავიწყე. "ასსას" შემდეგ ქართული ცეკვით ბევრი ახალგაზრდა დაინტერედა. თაობა დაუბრუნდა ქართულ ცეკვებს. მანამდე, 90-იან წლებში, მშობლებს საშუალება არ ჰქონდათ, შვილები ცეკვაზე ეტარებინათ.

- ანსამბლიდან წამოსვლის შემდეგ თეატრი "ნაბადი" დააარსეთ...

- ორ საქმეს ერთად ვერ წარვუძღვებოდი და ანსამბლიდან ამიტომ წამოვედი და დავააარსე სტილიზებული ფოლკლორის თეატრი. მაქსიმალისტი ვარ, თუ რამეს ვაკეთებ, მინდა, ბოლომდე დავიხარჯო, თუ არადა არ გავაკეთებ. მოკლედ, ზენიტში ვიყავი, როცა ცეკვას თავი დავანებე, გული კი დამწყდა, მაგრამ დგება ეტაპები, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს. რთული იყო, მაგრამ საინტერესოც, რადგან წინ ახალი გეგმების განხორციელება მელოდა. სიმართლე რომ გითხრათ, `ასსამ~ გამიღვიძა ამ ახლის კეთების სურვილი.

_ `ასსას~ მოწონებასთან ერთად, ვიღაცებმა გააკრიტიკეს, ისევე როგორც, ცოტა ხნის წინ, ილიკო სუხიშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტი `ცეკვა ქართული~.

- ილიკო ნიჭიერი ადამიანია, მას უდიდესი პოტენციალი აქვს. არაჩვეულებრივი ხედვა და მიდგომები აქვს. ზუსტად ხვდება ამა თუ იმ ადამიანის პოტენციალს, რა შეიძლება მისგან აიღოს, გამოიძერწოს. ერთ-ერთი საუკეთესო ქორეოგრაფია, მასთან მუშაობა სიამოვნებაა. ლამის უსიტყვოდ მესმოდა მისი. არც სჭირდებოდა, აეხსნა, რა უნდოდა. უფროსი ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილიც ნოვატორები იყვნენ, როცა ცეკვებს დგამდნენ და მაშინაც იყო წინააღმდგეგობები. ამას ნინო სუხიშვილიც აღნიშნავს ხოლმე. რა თქმა უნდა, მოდერნიზმსაც ახლავს ყოველთვის კრიტიკა.კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ სწორი და ჯანსაღი. ამაზე უნდა გაიზარდო, მიხვდე, რა არის მართალი და არა არა. იქ ისეთი ახალი არაფერი იყო, სინთეზია ყველაფრის, სხვა მუსიკაზე გაკეთებუილი, ოდნავ ტაქტშეცვლილი, რაც ჩემთვის მიუღებელი არ იყო.

- ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ამით ძველი და ტრადიციული დაიკარგება...

- ვინ შეინახავს ილიკო და ნინო სუხიშვილებზე უკეთ ამ ხელოვნებას და ტრადიციებს? ადამიანებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს, კლუბშიც იცეკვოს და ღია ცისქვეშ. ბევრი ახალი უნდა კეთდებოდეს და მერე დრო აჩვენებს, რა არის კარგი და დროს რამ ვერ გაუძლო. ქართულ ცეკვას აუცილებლად აქვს მომავალი, ამას ემსახურებიან სუხიშვილები. ხშირად მეუბნებიან, სუხიშვილებს იცავ იმიტომ, რომ იქიდან მოდიხარო. დიახ, იქიდან მოვდვარ და ამაყი ვარ ამით. მომწონს ეს და მარტო მე არ მომწონს, ამ მოწონებას ვხედავ სხვის თვალებშიც, მსოფლიოს ხალხთა თვალებში. საოცრება ხდებოდა კონცერტებზე და ყოველთვის ამით ვამოწმებდი, ვამოწმებ. როდესაც მაყურებელი სცენაზე 10-15-ჯერ ადის, კონცერტის შემდეგ რომ გამოდიხარ, ხელით გსინჯავენ, ცოცხალი ხარ თუ არა. არ შეიძლება ეს არ დაფასდეს. საშინელებაა დაუნახავობა, უმადურობა. ილიკო ნოვატორია და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს. გააკრიტიკე, მაგრამ არა ღვარძლით. თუ რამე არ მოგწონს, მშვიდად უთხარი. ის პროექტი არ იმსახურებს იმას, რაც თავს დაატეხეს, მას ჰყავს თავის მაყურებელი, რომელსაც პატივი უნდა სცენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ