ხელი მომაწერინეს ჩვენებაზე, რომელმაც დამაპირისპირა მამაჩემს, რადგანაც მე არ მსურდა მამაჩემის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროება, – ამის შესახებ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის შვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პროკურატურა ზეწოლას ახორციელებს ბრალდებულის ოჯახზე.
„მე მიმიყვანეს მოდულის შენობაში და დამიდეს მასალები. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე. მეუბნებოდნენ, რომ თუ საჭირო იქნებოდა ამ მასალებს გაასაჯაროებდნენ. საუბარს ესწრებოდა პროკურორი ბექა ეჟიშვილი და სხვა თანამშრომლები. მათ სურდათ ჩემგან მიეღოთ ჩვენება და მე მამაჩემის წინააღმდეგ უნებურად ხელი მოვაწერე ისეთ რამეს, რამაც მასთან დამაპირისპირა. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ არ მსურდა ვიდეოების გასაჯაროება. აღნიშნულ ქმედებაში ვისი ინტერესია არ ვიცი. გარდა ამისა, ხდება ზეწოლა ჩემზე და ჩემს მეუღლეზე“, – განაცხადა საკრებულოს ყოფილი დეპუტატის შვილმა ზურა ნეფარიძემ.
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით აგვისტოში დააკავეს.