ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც რუსეთის ფედერაციისადმი მისი მიმართვის საკითხზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.
კვირიკაშვილის თქმით, „როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე“.
“მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო იმ უმძიმეს ფაქტს, რომელიც ცხინვალში მოხდა. მოგეხსენებათ, ამ მძიმე ფაქტს ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა და ორი ადამიანი დააპატიმრეს, უკანონოდ. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ჩარეულიყვნენ ამ პროცესში. ასევე, მე სპეციალური განცხადებით მივმართე რუსეთის ფედერაციას. დღესდღეობით ასეთი სიტუაცია გვაქვს - ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლებულია და ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ, რაც უდავოდ კარგია. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ვერ მოხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია, უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთ ნაბიჯები, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ქვეყნის ინტერესების განუხრელი, თანმიმდევრული დაცვა, იმ მანდატის აღსრულება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა და ქვეყანაში სტაბილური ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი მიზანი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის თქმით, "ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში. ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ "ასეთი სივრცე შეიქმნას"".
„მინდა აუცილებლად აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში, თუმცა ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანეს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას თუ რამე სჭირდება დღეს, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.