აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პირველად ისტორიაში ქალი უხელმძღვანელებს - დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც მაიკ პომპეომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონი შეცვალა, სააგენტოს ხელმძღვანელად 61 წლის ჯინა ჰასპელი დასახელდა.
ჰასპელი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დამსახურებული ვეტერანია, თუმცა მისი წარსულის შესახებ ყველას ერთი აზრი არ აქვს.
"ინდეფენდენთის" ინფორმაციით, ჰასპელი სააგენტოს 1985 წლიდან შეუერთდა, ის ფარული აგენტი იყო. მიღებული აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ჯილდო.
კანონმდებლების ნაწილი ჰასპელის კანდიდატურას კრიტიკულად უყურებს, რადგან მისი სახელი უკავშირდება სადაზვერვო სააგენტოს მიერ დანერგილ დაკითხვის სასტიკ მეთოდებს.
ჰასპელი 2002 წელს კურირებდა ტაილანდში მდებარე საპატიმროებს. ამ პერიოდში დაკავებულ პირებს დაკითხვისას სასტიკად აწამებდნენ. განსაკუთრებით ხმაურიანი აღმოჩნდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირის წამება, ერთ-ერთი მათგანი "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული პირი აბუ ზუბაიდა წყლის ცნობილი მეთოდით - Waterboarding-ით (წამების ობიექტს სახეზე აფენენ ნაჭერს და განუწყვეტლივ ასხამენ წყლის ჭავლს, რომ სუნთქვის საშუალება დიდხანს არ მიეცეს) 1 თვეში 83-ჯერ აწამეს. 2005 წელს წამების ამსახველი ვიდეოკადრები განადგურდა.
გასულ წელს, როდესაც ჰასპელი სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა, მისი კარიერის „ბნელი“ ნაწილი დიდი განხილვის საგანი გახდა.
ამჯერად მას მოუწევს დაამტკიცოს, რომ ტაილანდის შემთხვევებთან კავშირი არ აქვს.
ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, როდის გაიმართება ჰასპელის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში. თანამდებობაზე მის დანიშვნას სენატი გადაწყვეტს.