ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძეზე გაცემული თანხები და როგორც ჩანს, მერმა ჩათვალა, რომ ბევრი ფული აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შეფასებისას განაცხადა. უგულავას თქმით, ახლა მთავარია მერიის დღევანდელმა ადმინისტრაციამ საზოგადოებას წარუდგინოს გეგმა, თუ რას აპირებს 10 აპრილის შემდეგ. უგულავა მიიჩნევს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია იმ დატვირთვისთვის არაა მზად, რაც მას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დაეკისრება.
„თითოეული მერის და მერიის ადმინისტრაციის უფლებამოსილებაა, მას შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, უბრალოდ, როგორც ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, ესეც გარკვეულ პირგასამტეხლოს შეიცავს. შესაბამისად, როგორც ჩანს, ბატონმა კალაძემ ჩათვალა, რომ ამ ფულის „სითი პარკის“ მეპატრონეებისთვის გადახდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალურად დაუცველების და თბილისის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მოხმარება. როგორც ჩანს, დათვალა და ჩათვალა, რომ ბევრი ფული აქვს. რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში, თუნდაც გაჩეჩილაძეზე გაცემულ თანხას, როგორც ჩანს, მერმა ჩათვალა რომ ბევრი ფული აქვს და შეიძლება თბილისელების ნაცვლად, კონკრეტულად ასე გაიფლანგოს“, - განაცხადა უგულავამ.
თბილისის ყოფილი მერისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საკრებულოში მათი ფრაქცია აუცილებლად დაიბარებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რათა ცნობილი გახდეს ის გეგმა, თუ როგორი იქნება პარკირების სისტემა 10 აპრილის შემდეგ.
„ახლა მთავარი საკითხი არის ის, რომ უსწრაფესად და მე ვთხოვ ჩვენს ფრაქციას საკრებულოში დაიბაროს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და საზოგადოებას წარუდგინოს გეგმა, რას აპირებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 აპრილის შემდეგ. მე მაქვს განცდა, რომ მერიის დღევანდელი ადმინისტრაცია, ამ სიმძიმისთვის ამ წუთას მოუმზადებელია და ჩვენ 10 აპრილის შემდეგ შეიძლება უბრალოდ ქაოსი მივიღოთ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ პარკინგის ინსპექტორები, მსოფლიოს არც ერთ ქალაქში, არავის, არასდროს არ უყვარს, თუმცა ეს არის აუცილებელი „ბოროტება“, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქალაქმა იფუნქციონირებს და ელემენტარული წესრიგი იყოს. ყველაზე ცუდი წესრიგიც კი სჯობს ქაოსს და უწესრიგობას, რომელშიც ჩვენ ვიყავით 90-იანებში. დღეს შეიძლება კიდევ უფრო უარესი შედეგი მივიღოთ, ვინაიდან მანქანების რაოდენობა გაცილებით მეტია. ახლა მთავარია ჩვენ მერიას მოვთხოვოთ რას აპირებს, როგორ აპირებს, რა რესურსებით აპირებს და რა განსხვავება იქნება მასსა და „სითი პარკს“ შორის 10 აპრილის შემდეგ“, - განაცხადა უგულავამ.