არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი ჩვენი მოქალაქე იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი ამ წუთებში არიან მცხეთაში, თავის მშობლებთან ერთად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ წუთში მიმდინარეობს მუშაობა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც მოხდეს დროულად.
„არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ჩვენი ორი მოქალაქე, იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი არიან გათავისუფლებულები. მათ მიეცათ საშუალება, რომ დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორია და ამ წუთებში არიან მცხეთაში, თავის მშობლებთან ერთად. ამ წუთში მიმდინარეობს მუშაობა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც მოხდეს დროულად. სამწუხაროდ, ამ დროისთვის მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ახლა ვესაუბრებოდით ამ ადამიანებს და შეუძლებელია ახლა მეტზე ლაპარაკი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა კი განაცხადა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალგორიდან გადმოვიდნენ და თავს გრძნობენ ნორმალურად. რაც შეეხება დაკავების მიზეზებს და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებს, ციხელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია.