თბილისში, დიდ დიღომში, ქარმა რესტორან "რიტორს" სახურავი გადახადა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზიანდა მაღალი ძაბვის კაბელი. ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
ნახეთ ასევე: დიდ დიღომში, ძლიერი ქარის შედეგად სახურავიდან თუნუქის ნაჭერი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა
გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მეორე საჯარო სკოლას სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თერჯოლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები ქარის შედეგად გამოწვეული სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად. დაზიანებული სკოლის შენობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. იმერეთის რეგიონში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს და არის ძლიერი ქარი.
ძლიერი ქარის შედეგად აღმაშენებლის ხეივანში, შენობის მე-13 და მე-14 სართულებიდან მინები ჩამოვარდა
ძლიერი ქარის გამო საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. მათ შორის, 166 თბილისში, ხოლო 88 სხვადასხვა რეგიონში, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
თბილისში, სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონში. მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ შეტყობინებებს. უწყების ინფორმაციით, არც ერთ შემთხვევას მოქალაქეების დაშავება არ მოჰყოლია.
ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. სამსახურის ინფორმაციით, ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი, სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ვითარების შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად მიღებულია შესაბამისი პრევენციული ზომები.