ხშირად მცირე დეტალები იმაზე მეტს და უფრო ხმამაღლა საუბრობს, ვიდრე სიტყვებს შეუძლია. ქალებს სუსტი სქესის წარმომადგენლებად მოიხსენიებენ, თუმცა, დროთა განმავლობაში, 21-ე საუკუნე სტერეოტიპს არღვევს, და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში ისინი აქტიურად ჩნდებიან.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დღესდღეობით 1200-მდე ქალი მუშაობს. მათ უკან ოჯახები, შვილები, მეუღლეები დგანან. ასევე - ფორმა, რომელსაც ყოველ დილით იცვამენ და მიდიან სამსახურში, ფორმა, რომლის სამკერდე ნიშანზეც ჯარისკაცი წერია და თითოეული მათგანი პასუხისმგებელია სამშობლოს წინაშე.
ეკა ბაჯელიძე, ნანა კინწურაშვილი და ნანა ჩარბაძე დღეს "რეიტინგის" სტუმრები არიან. თითოეული მათგანი არის დედა, მეუღლე და ჯარისკაცი...
- ჯარი და ოჯახი...
ნანა კინწურაშვილი (მაიორი, გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი): დიდი ხანია, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმუშაობ, მყავს მეუღლე და ორი შვილი. რომ არა ჩემი ოჯახის თანადგომა და ჩემი საქმისადმი პასუხისმგებლობით მოკიდება ოჯახის მხრიდან, ფიზიკურად ვერ შევძლებდი სამსახურის და ოჯახის შეთავსებას. ჯარის პარალელურად, ლექციებს ვკითხულობ.
ეკა ბაჯელიძე (მასტერ-სერჟანტი, წვრთნებისა და განათლების სარდლობის თანამშრომელი): ჩემს შემთხვევაში საქმე უფრო ადვილად არის, ჩემი მეუღლეც სტრუქტურაში მუშაობს და უფრო მიადვილდება, თუმცა, რომ არა ოჯახის თანადგომა, ალბათ ვერ მოვახერხებდი მუშაობას და ბავშვების აღზრდას.
ნანა ჩარბაძე (მაიორი, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ექიმი): ოჯახის თანადგომას სულ ვგრძნობ, ისეთი გზა ავირჩიე ცხოვრების, რომ არა ჩემი ოჯახი, ალბათ ვერ შევძლებდი მემუშავა ჩემი პროფესიით.
- ფორმა, რომელსაც ყოველ დილით იცვამ...
ნანა კინწურაშვილი: ეს არის პასუხისმგებლობა, ოჯახის, სამშობლოს წინაშე... ფორმას იცვამ და იცი, რომ არ ეკუთვნი საკუთარ თავს. ბევრჯერ საკუთარი შვილი დამიტოვებია სიცხიანი და სამსახურში წავსულვარ, ეს არის, პირველ რიგში, ვალდებულება საკუთარი თავის მიმართ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს და, უპირველეს ყოვლისა, გიყვარდეს საკუთარი საქმე. განაგრძეთ კითხვა