კვირას, 11 მარტს გუდაურში რედკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 11 საათიდან "რადიო პალიტრა" გრანდიოზულ ღონისძიებაზე გეპატიჟებათ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ". დეგუსტაციისას წარმოდგენილი იქნება მცირე მარნებისა და უნიკალური ქართული ღვინოების სრული ასორტიმენტი. ღვინის დაგემოვნება ადგილზე იქნება შესაძლებელი, ხოლო შეძენის შემთხვევაში, სასურველი ღვინის ადგილზე მიტანას allwine.ge უზრუნველყოფს.
ამის გარდა, სტუმრებს გუდაურში უამრავი სიურპრიზი ელოდებათ. სასიამოვნო მუსიკისა და შეუდარებელი ქართული ღვინოების დეგუსტაციის ფონზე, "რადიო პალიტრა" ჩაატარებს გრანდიოზულ გათამაშებას - სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, მხიარულ კარაოკეშიც ჩაერთონ და სასურველი სიმღერებიც შეასრულონ. სხვადასხვა საინტერესო პრიზებთან ერთად, გათამაშდება ბრიტანელი მომღერლის ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები ბილეთიც. კონცერტი თბილისში, მაისში გაიმართება.
"ეს განსაკუთრებული სიურპრიზია! ძალიან მალე თბილისს ჯეიმს ბლანტი ესტუმრება და ჩვენ გადავწყვიტეთ იმ ადამიანს, ვინც კარაოკეში მის სიმღერას ყველაზე უკეთ იმღერებს, კონცერტზე დასასწრები ბილეთი გადავცეთ. პრიზებს აწესებს გამომცემლობა "პალიტრა L" და ღვინის ონლაინ მაღზია allwine.ge. ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიურპრიზების, რაც კვირას გუდაურში გელოდებათ. რაც მთავარია, ამინდიც მშვენიერია, ასე რომ გელოდებით ყველას" - განაცხადა ჩვენთან საუბრისას "რადიო პალიტრის" მარკეტინგის ხელმძღვანელმა თამთა ასათიანმა.
"რადიო პალიტრას" უყურადღებოდ არც პატარა სტუმრები დაუტოვებია - ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი „გუდა გუდა“ პატარებს გაამხიარულებს და სამახსოვრო ფოტოებსაც გადაიღებს მათთან, გამომცემლობა "პალიტრა L" კი, პატარებისთვის გუნდას სათამაშოებს გაათამაშებს.
ამას გარდა სტუმრებისთვის ფოტოსესია გაიმართება "რადიო პალიტრის" ორიგინალურ კუთხესთან.
11 მარტს "რადიო პალიტრა" იზრუნებს ყველა იმ ადამიანის განწყობაზე, ვინც შაბათ-კვირას გუდაურში გაატარებს. გარდა იმისა, რომ წარმოდგენილი იქნება "რადიო პალიტრის" ყველა დროის საუკეთესო მუსიკა, სტუმრებს უამრავი სიურპრიზი და დაუვიწყარი დღე ელით.