დიღომში, 17 წლის მოზარდის სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების პროცესში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს გამომძიებლები ჩაერთვნენ, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემის" ეთერში, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე რატი გარდაფხაძემ განაცხადა.
გარდაფხაძემ ბოლო პერიოდში მოზარდების თვითმკვლელობებისა და სუიციდის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიებამ ამ საქმეებზე 100-ზე მეტი მოზარდი გამოკითხა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, დიღომში მომხდარ შემთხვევაზე, მოზარდის ოჯახის წევრებს ხვალ გამოკითხავენ.
"17 წლის მოზარდის სუიციდის მცდელობის გამოძიების პროცესში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს გამომძიებლები ჩაერთვნენ. დღეს მოზარდის ოჯახმა, გამოკითხვის მიზნით სამინისტროში მოსვლა ვერ მოახერხა და მათი დეტალური გამოკითხვა ხვალისთვის გადაიდო.
რაც შეეხება აჭარაში, ხელვაჩაურში გასულ წელს, მოზარდის სუიციდის მცდელობის ფაქტს, მისი ხელმეორედ გამოკითხვის მიზნით, სამინისტროდან გაგზავნილია საგამოძიებო ჯგუფი. მოზარდმა გასულ წელს, გამოკითხვისას არ დაადასტურა სახიფათო ინტერნეტთამაშებში ჩართულობა.
ბოლო დროს მოზარდთა თვითმკვლელობის ან სუიციდის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, გამოკითხულია 100-ზე მეტი მოზარდი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი სატელეკომუნიკაციო ტექნიკური საშუალებების კვლევა", - განაცხადა რატი გარდაფხაძემ.
იხილეთ ვიდეო: "დღის თემა" - "ლურჯი ვეშაპი" ქართულ ინტერნეტსივრცეში: რა ეტაპზეა გამოძიება?