რუსი უფლებადამცველების თქმით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სირიასა და ერაყში, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მებრძოლთა ოჯახის წევრების რუსეთში ჩამოყვანისა და მათი რეაბილიტაციის პროგრამამ არ გაამართლა... გასული წლის დეკემბრის ბოლოს, სირიიდან და ერაყიდან ჩრდილოეთ კავკასიაში დაახლოებით 100-მდე ადამიანი, ქალები და ბავშვები დაბრუნდნენ. ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების ხელმძღვანელობების ინფორმაციით, კიდევ 150 აპირებდა ჩამოსვლას, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათი დაბრუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
პირველ რიგში, მათ პრობლემა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რადგან ჩამოსვლის შემდეგ, გამოძიებასთან უწევთ თანამშრომლობა და საბრძოლო მოქმედებების ზონაში მათ გარშემო არსებული პირების შესახებ ინფორმაციის გაცემა, რაც მათ და მათ შვილებს საფრთხეს უქმნის... არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩეჩნეთში დაბრუნებული ქალი, უბრალოდ, გაუჩინარდა, რადგან კადიროვის ძალოვნებთან არ ითანამშრომლა. ტელეკომპანია - Дождь-ის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი რამზან კადიროვის ხელისუფლებას, “მეტი ინფორმაციის მისაღებად” სარდაფში ჰყავს გამომწყვდეული.
რაც შეეხება, დაღესტანში დაბრუნებულ ქალებს, - ადგილობრივ ხელისუფლებას ისინი სარდაფში არა, მაგრამ შეიარაღებული დაცვის ქვეშ ჰყავთ, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Дождь ავრცელებს. მისივე ცნობით, ადგილობრივი ძალოვნები ყველანაირად ცდილობენ, ისინი რეგიონში არც ჩამოიყვანონ...
ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, რომელიც ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, რუსეთის სპეცსამსახურების მითითებით, მათ პროცესი შეაჩერეს... ამ ქალების ერთი ნაწილი ვითარების მსხვერპლია, რადგან ისინი მეომარ ქმრებს გაუაზრებლად, ან მორჩილების გამო გაყვნენ და სახიფათო გარემოში აღმოჩნდნენ. თუმცა, მათ შორის ტერორისტებიც არიან...
სირიიდან თითქოსდა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაბრუნებული დაღესტნელი ვიქტორია ბუდაიხანოვა ამ დრომდე მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ის მახაჩყალაში, თავის პატარა გოგონასთან ერთად დაბრუნდა, სადაც ჩამოსვლისთანავე დააკავეს, შემდეგ კი ФСБ-მ მოსკოვში გადაიყვანა.
მისი ახლობელი, ასევე დაღესტნელი ზალინა გაბიბულაევა ჯერჯერობით არ დაუკავებიათ, თუმცა, ისიც სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი "პერსონაჟია". მისი ოჯახი წევრების თქმით, ის სირიაში ოთხ შვილთან ერთად წავიდა, იქ კიდევ მეხუთე გააჩინა და შვილებს ზრდიდა. თუმცა, საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და არც დაჭრილებს ეხმარებოდა...
ჩრდილოეთ კავკასიაში ამ ქალების ბედს ძალიან ბევრი იზიარებს, თუმცა, ხმამაღლა საუბარს ვერავინ ბედავს. დაღესტნელი ობმუდსმენის მარინა ეჟოვას თქმით, მას ფაქტობრივად, მარტო უწევს მუშაობა სირიასა და ერაყიდან დაბრუნებულ ბავშვებთან, რომელთაც დედები წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ, მამები აღარ ჰყავთ, დედ-მამის ოჯახები კი, ზედმეტი პრობლემების შიშით, მათი სახლში მიყვანისგან თავს იკავებენ... მისივე თქმით, სამივე რეგიონში, ასეთი ქალებისა და ბავშვების ჩამოყვანა და შემდეგ, ვითომ რეაბილიტაცია კამერების წინ ხდება, რაც თავიდანვე შეცდომაა:
"როდესაც ადამიანები ყველაზე საშიში საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გამოგყავს და ამას აპიარებ, აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება. თანაც, ყველა მხარისთვის, მათ შორის სახელმწიფოსთვის საზიანო. საქმე გვაქვს ტერორისტებთან, რომლებიც უკვე ყველგან არიან. რეგიონის ხელმძღვანელობები კი, ისევე, როგორც რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება, მათი პიარისთვის გამოყენებას ცდილობს, რასაც ხშირად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან..." - აცხადებს დაღესტნელი ობმუდსმენი.
მისივე თქმით, თუ რუსეთში დაბრუნებული ქალების მიმართ ამ მეთოდებით მუშაობა გაგრძელდება, ცოტა ხანში, ისინი აღარც დაბრუნდებიან, რაც საფრთხეს გაზრდის. უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრის, ოლდეგ ორლოვის თქმით, - “სინამდვილეში რა აქვს ჩაფიქრებული ФСБ-ს არავინ იცის. საინტერესოა, რომ სამივე რეგიონში იქიდან დაბრუნებულების მიმართ სხვადასხვანარი კანონი მოქმედებს, არადა, ყველა მათგანი “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ირიცხებოდა...
სირიიდან ჩეჩნეთში დაბრუნებული 14 წლის გოგონა გროზნოში კადიროვის ძალოვნებმა აიყვანეს, რის შემდეგაც, ე.წ. რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს, მას შემდეგ გოგონა გაქრა... ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც ქალებს რამდენიმეწლიანი მკაცრი რეჟიმის კოლონია მიუსაჯეს, მათ კი, სასჯელის გადავადება ითხოვეს, ვიდრე შვილებს არ წამოზრდიან... როგორც ჩეჩნეთის, ასევე, ინგუშეთისა და დაღესტნის ხელისუფლება ამ თხოვნას თითქმის არასდროს თანხმდება, თუ არ ჩავთვლით ”გამონაკლის პირობებს”, როდესაც ისინი მათ თანამშრომლობას აიძულებენ.