თავიდან მხოლოდ ოჯახის გასართობად წერდა. შემდეგ მიხვდა, რომ მწერლობა მისი მოწოდება იყო. რომანის თავდაპირველი სათაური "ელინორი და მერიენი’’ იყო. მოგვიანებით კი რომანი სხვა სახელით გამოიცა. როგორც მისი ყველა ნაწარმოები, ეს რომანიც მინაწერით by aLady - ით გამოიცა. თუმცა მის გამოქვეყნებას გამომცემლობა მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ავტორი დახარჯულ თანხას აუნაზღაურებდა. წიგნი 1000 ეგზემპლარით დაიბეჭდა, მალევე გაიყიდა და ავტორს ჰონორარიც ერგო. იმდროინდელი პრესა წერდა: "ამ არაჩვეულებრივად დაწერილ რომანში ვეცნობით დახვეწილი ადამიანების რეალისტურ ისტორიას, რამაც შეუძლებელია არ დაგაინტერესოს. წიგნის მოცულობაც ისეთია, რომ სიამოვნება მოგანიჭოს და არ გადაგტვირთოს. ავტორი კარგად იცნობს ადამიანთა ხასიათსა და ცხოვრებას, რომანში კარგად ერწყმის ერთმანეთს ჯანსაღი აზრი და მახვილგონივრულობა. მასში სიყვარული და ცხოვრება ორი მხრიდან არის დანახული - გონებიდან და გრძნობიდან. არაჩვეულებრივად არის აღწერილი გმირები, პეიზაჟი, ინტრიგა, სიყვარული...’’
ეს ჯეინ ოსტინის ”გონება და გრძნობაა”, რომანი რომელსაც გამომცემლობა “პალიტრა L” 8 მარტს ქალთა დღის აღსანიშნავად გამოსცემს. ყველაზე დიდი ბრიტანელი ავტორი ქალის ჯეინ ოსტინის 3 ტომეულის გამოცემა სერიის ”ჩემი რჩეული მსოფლიოს” ფარგლებში მოხდება. ”გონება და გრძნობის” შემდეგი რომანები იქნება ”გონების ხმა” და ”მენსფილდ-პარკი” .
„ჩვენი მკითხველისთვის 8 მარტის მილოცვა ჯეინ ოსტინის ქართულ ენაზე ახლადთარგმნილი რომანების გამოცემით გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება სიმბოლურია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსოფლიო ლიტერატურაში ქალების ხმა და ლიტერატურა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად გამოვცემთ საუკეთესო ქალ ავტორთა ნაწარმოებებს. ჯეინ ოსტინი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალია, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის არა მარტო ინგლისური, არამედ მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაში. ჯეინ ოსტინის რომანების ეკრანიზაციებს ჩვენს საზოგადოებაში ძალიან კარგად იცნობენ, ახლა კი საშუალება ექნებათ სრულიად ახალი თარგმანები წაიკითხონ. რაც მთავარია წიგნის ფასიც ხელმისაწვდომია” - განმარტავს “პალიტრა L-ის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ზაქრაძე.
ჯეინ ოსტინი დაიბადა 1775 წელს ანგლიკანური ეკლესიის ღარიბი მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. მიუხედავად სიღარიბისა, მას ძალიან ბედნიერი ბავშვობის წლები ჰქონდა თავის ძმებთან და დასთან, კასანდრასთან ერთად. 14 წლის ასაკში მან დაწერა თავისი პირველი ნაწარმოები “სიყვარული და მეგობრობა”, რომელსაც მოჰყვა მისი ცნობილი ნაწარმოებები “სიამაყე და ცრურწმენა”, “გრძნობა და გონება“ და “ნორთენგერის სააბატო”. მამაკაცი, რომელიც ჯეინს შეუყვარდა, დაიღუპა. ჯეინი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, თუმცა მოგვიანებით ის დათანხმდა ჰარის ბიგის შეთავაზებას და ცოლად გაჰყვა. მეორე დილით გაღვიძებულმა კი გააცნობიერა, რომ შეცდომა დაუშვა და ქორწინებაზე უარი განაცხადა. ქალი, რომელსაც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, 1817 წელს 41 წლის ასაკში იშვიათი ენდოკრინული ავადმყოფობით საკუთარი დის, კასანდრას ხელებში გარდაიცვალა.
ასეთი ცხოვრება გავლო ავტორმა, რომლის რჩეული წიგნებიც ამიერიდან ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება. რაც შეეხება სერიას ”ჩემი რჩეული მსოფლიო”, მას გამომცემლობა ”პალიტრა L” უკვე მე-3 წელია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 51 ავტორის 240 ტომია გამოცემული.
სამეულის პირველი წიგნი, - ”გონება და გრძნობა” 8 მარტს ჟურნალ ”გზასთან” ერთად გამოვა და მისი სპეციალური ფასი 7 ლარი იქნება. ”გონება და გრძნობა” ქართულ ენაზე გია ბერიძემ თარგმნა, მეორე ტომი, ”გონების ხმა” - პაატა ჩხეიძემ, ხოლო მესამე ”მენსფილდ-პარკი” კი - ხათუნა ბასილაშვილმა.