სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში მოსახლეობის დასახმარებლად გაერო-ს სატვირთო მანქანები შევიდნენ, ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მანქანების კოლონას თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ ღუტაში შესვლის საშუალება პირველად მიეცა. ტვირთს ქალაქ დოუმაში 9 საათის განმავლობაში ცლიდნენ, თუმცა 40-ზე მეტი მანქანიდან 10-ის დაცლას ხელი ინტენსიურმა სროლამ შეუშალა.
BBC-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ საკვებით სავსე მანქანებს ბავშვები ტაშით ეგებებიან.
აქტივისტების ინფორმაციით, შეთანხმების მიუხედავად, სირიის არმია ტერიტორიას მაინც ბომბავდა.
ბოლო კვირების განმავლობაში სულ მცირე 719 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ბევრი ბავშვია.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენელი, საჯად მალიკი "ტვიტერზე" წერდა, რომ სროლის მიუხედავად მაქსიმალურად შეეცადნენ, რაც შეიძლება მეტი ტვირთის დაცლა მოესწროთ.
"ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა ტრაგიკულია," - აღნიშნავს მალიკი.
სირიის წითელმა ჯვარმა მანამდე განაცხადა, რომ 46 სატვირთო მანქანიდან საჭმლის ფუთები 27,500-მა ადამიანმა მიიღო.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა "როიტერსთან" განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლებამ არ მისცა ნება დაერიგებინათ სხვადასხვა სამედიცინო ნივთები, წამლები, სამკურნალო საშუალებები, რათა დაჭრილ ამბოხებულებს მკურნალობის საშუალება არ ჰქონდეთ.