ბოლო ორ თვეში, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, სხვადასხვა დარღვევის გამო 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა. ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურმა ინფორმაცია "კვირის პალიტრას" მიაწოდა. საუბარია, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე.
მათივე ცნობით, იანვარ-თებერვალში სამშენებლო სამართალდარღვევაზე წარმოება ჯამში 160 სუბიექტის მიმართ დაიწყეს. სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გარდა, 13 სუბიექტი დაჯარიმდა.
"თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ძირითადი ფუნქციაა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი და გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე საჯარიმო სანქციების დაკისრება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სფეროში გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სამსახური სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს და დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრულ ვადას უსაზღვრავს. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ, სამსახურის სპეციალისტების მიერ ობიექტი ადგილზე მოწმდება და შემოწმების აქტი დგება, სადაც მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შედეგი აისახება," - ნათქვამია ინფორმაციაში.