"წერეთლისა და ელიავას ბაზრობის გარშემო არსებული ატმოსფერული ჰაერი არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საქართველოში" - ამის შესახებ ეკოლოგი ხათუნა ახალაია საუბრობს. მისი თქმით, ჰაერის დაბუნძურებას ხელს უწყობს ტერიტორიაზე განლაგებული ავტოსერვისები.
"წერეთლისა და ელიავას ბაზრობის გარშემო არსებული ატმოსფერული ჰაერი არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საქართველოში. ჰაერი კიდევ უფრო ბინძურდება სპონტანური ინციდენტებით, როგორიც არის ხანძრები, ეს გარემოს დაცვის კუთხით ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის. საერთოდ, ვიზუალურადაც ჩანს, რამდენად დაბინძურებულია ეს ტერიტორია და რამდენად არასწორად მიმდინარეობს იქ საქმიანობა. ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ავტოსერვისია განლაგებული. ეს ობიექტები არ არის აღჭურვილი ისეთი აღჭურვილობით, რომელიც გარემოს დაცვის კუთხით აუცილებელია, რომ მსგავს ბიზნესს ჰქონდეს. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით არანაირ ბიზნესს, მაგრამ ადამიანებს აქვთ უფლება, რომ მსგავსი საქმიანობისგან თავი დაიცვან. სხვადასხვა ტიპის 36-მდე აქტივობებია ელიავას ბაზრობაზე. აბსოლუტურად ყველა გასაკონტროლებელი და მოსაწესრიგებელია" - აღნიშნა ახალაიამ.
მისი თმით, ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს გახშირებული ხანძრები.
"ნებისმიერი წვის შედეგი, რომელიც არასრული წვით გამოწვეული დიოქსინების გამოფრქვევასთან არის კავშირში, ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე და მე არაერთხელ მითქვამს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძრის დროს შესუნთქული ჰაერი, სავალალო და სარისკოა. განსაკუთრებით, პატარა ბავშვებში, ჩვილში თუ ხანდაზმულებში, რომელთაც იმუნური მდგომარეობა არ აქვთ ძლიერი... როდესაც ვამბობთ, რომ საღებავებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების საწყობში გაჩნდა ხანძარი, ეს არის კატასტროფა? ხანძრიდან ერთ კვირაში შეისწავლა ვინმემ მიწის ზედაპირის შემცველობა? აუცილებლად იქნებოდა იქ დიოქსინები, რომელიც იწვევს სიმსივნურ დაავადებებს, ნერვიულ აშლილობებს და ასე შემდეგ..." - აღნიშნა ახალაიამ.