ავტორი:

რა იწვევს ფრჩხილის ჩაბრუნებას და ფეხის ტერფის სხვა დაავადებებს - პოდოლოგის რეკომენდაციები

რა იწვევს ფრჩხილის ჩაბრუნებას და ფეხის ტერფის სხვა დაავადებებს - პოდოლოგის რეკომენდაციები

პოდოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც ფეხის ტერფს შეისწავლის და მის ჯამრთელობაზე ზრუნავს. მის კომპეტენციაში შედის ტერფის დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა. "გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პაციენტი ექიმთან მანამ არ მიდის, სანამ არ დაეწყება დისკომფორტი და ტკივილი ტერფის არეში, რომელიც ხელს უშლის ყოველდღიურობაში," - გვეუბნება ქეთევან გულორდავა - დერმატო-ვენეროლოგი, პოდოლოგი, რომელიც ტერფის სხვადასხვა დაავადებაზე გვესაუბრება.

- რითი შეიძლება იყოს გამოწვეული ფეხის ფრჩხილის პრობლემები?

- ეს ტერფის დეფორმაციაა, რისი გამომწვევი მიზეზებიც შეიძლება იყოს, როგორც თანდაყოლილი პათოლოგიები, ასევე სხვადასხვა ტრავმა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ანთებითი პროცესი და სხვადასხვა დაავადება, მაგალითად: პოლიართრიტი. პრობლემას ხშირად ამწვავებს მაღალქუსლიანი, ვიწრო ფეხსაცმლის ტარება, ასაკთან ერთად, დეფორმაცია პროგრესირებს. დაავადების გამწვავებას ხელს უწყობს ზედმეტი წონა, ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, ასევე ფრჩხილების არასწორი დამუშავება როგორც სახლის, ასევე სალონის პირობებში.

- რა დაავადებების დროს უნდა მიმართოს პაციენტმა პოდოლოგს და რა ეტაპზე?

- ფრჩხილის სოკოვანი დაავადების, ტერფის კანის სიმშრალის, ფრჩხილის ტრავმული დაზიანებების, ვირუსული პაპილომების, კოჟრის (მაზოლი), მეჭეჭის, ჰიპერკერატოზის (გაუხეშებული, გასქელებული კანი), ბრტყელტერფიანობის და დიაბეტური ტერფის დროს.

- ფრჩხილის ჩაბრუნების ძირითადი მიზეზი რა არის და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას?

- ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორად დამუშავებული ფრჩხილი, თუნდაც, სილამაზის სალონში, ტრავმა, ფრჩხილის სხვადასხვა დერმატოლოგიური დაავადება (ონიქომიკოზი, ონიქოდისტროფია) და ა.შ. ჩაბრუნებული ფრჩხილის დროს, პაციენტს ყველაზე მატად ტკივილი აწუხებს, რომელიც სიარულის დროს გაუსაძლისი ხდება, ფრჩხილი აწვება მორგვს და იწვევს მეორად დაინფიცირებას, ანუ ახალი კერა იხსენა იმისთვის, რომ მეორადად დაინფიცირდეს, რაც პანარიციუმს იწვევს. პანაროციუმი ფრჩხილის მორგვის ანთებაა, რომელიც ხშირად ასე რთულდება. ამიტომ, ჩაბრუნებლი ფრჩხილის დროს აუცილებელია დროული თეტარპია, ანუ პოდოლოგიური თერაპია, რომ ქირურგის ჩარევა არ გახდეს საჭირო. მოკლედ, თუ პროცესი მთელ მორგვზე არ არის გავრცელებული, პოდოლოგიური ხერხებით ეს გვარდება.

- ფრჩხილის კანში შეზრდის დროს უმეტესად, ქირურგს აკითხავენ. ამ პრობლემის დაძლევა ამ უსიამოვნო ქირურგიული პროცედურის გვერდის ავლით როგორ შეიძლება? პოდოლოგი როგორ აგვარებს პრობლემას?

- აუცილებელია განთავისუფლდეს ფრჩხილის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ ჩაზრდილია და კანს აწვება. პოდოლოგიურად ხდება ჩაზრდილი ფრჩხილის დამუშავება. შემდგომ კი ამას მოვლა სჭირდება.

- დიაბეტიან ტერფს როგორ უნდა მოუარონ?

- დიაბეტიანი ტერფის დროს განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტერფი, რადგანაც მიკრო ტრავმაც კი, ჭრილობის, დაზიანებული ფრჩხილის ხანგრძლივ შეხორცებას იწვევს. ამიტომ დიაბეტური ტერფის დროს სასურველია, ფრხილები, ტერფი თვეში ერთხელ მაინც დამუშავდეს, რომ არ მოხდეს ასეთი ქრონიკული პროცესის განვითარება. პოდოლოგიურ კაბინეტში ბოლო დროს განსაკუთრებით დაიხვეწა ტექნოლოგია, ამიტომ, პროცედურას უნდა ატარებდეს ექიმი პოდოლოგი, რომ შემდგომ გართულებებს ასცდეთ. ექიმის დახმარებით პრობლემური ფრჩხილის მკურნალობა უახლესი აპარატით, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ხდება.

- მოსახლეობის სერიოზული პრობლემაა ასევე სოკოვანი ფრჩხილები. რა იწვევს მას?

- ფრჩხილის ტრავმირების ფონზე ხდება სოკოს ეპითელიუმების გამრავლება. სამწუხაროდ, მოსახლეობაში ეს პრობლემა აქტუალურია, თუმცა ადვილად შეიძლება მკურნალობა ექიმ დერმატოლოგის და ექიმ პოდოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. მის მოვლას რაც შეეხება, ინდივიდუალურია და ამისთვის საჭიროა ექიმთან ვიზიტი, რომ მიიღოთ სრული ინფორმაცია და დანიშნულება, რადგანაც ერთი პრობლემა მეორეს არ ჰგავს.

- ახსენეთ დაავადებები - ონიქომიკოზი და ონიქოდისტროფია. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ?

- ონიქომიკოზი არის ფრჩხილის სოკოვანი დაავადება, ამის დროს ზოგადად იყენებენ, თერაპიას და ეს არის შინაგანი თერაპია. პოდოლოგიური აპარატურა საშუალებას გვაძლევს, ამას ავერიდოთ, რომელიც ხანგრძლივია და დიდი ხნის განმავლობაში ამ პრეპარატის გამოყენება ღვიძლზეც მოქმედებს. ამიტომ პოდოლოგის პლუსიც ის არის, რომ ამ დამუშავებით შეგვიძლია ადგილობრივი მკურნალობით მივაღწიოთ შედეგს. ასე რომ, ადგილობრივი მკურნალობით და პოდოლოგიური დამუშავებით, პაციენტის მონდომებით, ვთქვათ, არ მიიღოს პრეპარატი და იაროს პოდოლოგთან დამუშავებაზე, სოკოვანი დაავადებისგან განიკურნება. ონიქოდისტროფია დიდი და ვრცელი დაავადებაა, მთელი სამედიცინო ლიტერატურაა მისთვის მიძღვნილი - ის ფრჩხილის ფირფიტის გარკვეული დაზიანებაა. მისი გამოსწორებაც შესაძლებელია. ონიქოდისტროფია შესაძლოა, არასწორად შერჩეულმა ფეხსაცმელმა გამოიწვიოს.

- ზოგადად როგორ უნდა მოვუაროთ ტერფს, რომ დავიცვათ ამა თუ იმ დაავადებისგან?

- საჭიროა, ხშირად გამოვიყენოთ მოვლის საშუალებები, რომელსაც ექიმი-პოდოლოგი ნიშნავს. ვიყოთ ყურადღებით და პირველივე სიმპტომის გაჩენის დროს მივმართოთ ექიმ-პოდოლოგს.