ავტორი:

ბოლივუდის ვარსკვლავი შრიდევი კაპური გარდაიცვალა - მსახიობი ბოლო ფილმში სვანეთში გადაიღეს

ბოლივუდის ვარსკვლავი შრიდევი კაპური გარდაიცვალა - მსახიობი ბოლო ფილმში სვანეთში გადაიღეს

ბოლივუდის ვარსკვლავი შრიდევი კაპური 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გულის შეტევით დუბაიში დაიღუპა, სადაც მეუღლესთან და უმცროს ქალიშვილთან ერთად, ნათესავის ქორწილზე იმყოფებოდა. პირველმა მწუხარება "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა. ინდური კინოს ვარსკვლავის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ქვეყნის პრეზიდენტიც. ინდოეთის ხელისუფლებამ მსახიობს 2013 წელს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოც გადასცა. კარიერა შრიდევმა 4 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ 300-მდე ფილმში გადაიღეს.

ვინაიდან ინდური ფილმები საქართველოში ადრე მეტად პოპულარული იყო, მსახიობიც დიდი სიყვარულით სარგებლობდა. იგი ბოლივუდმა ბოლო ფილმში სვანეთში გადაიღო. გვესაუბრება დავით ბეჟიტაშვილი, რომელიც ლეგენდარულ მსახიობს პირადად იცნობდა.

- შრიდევი ინდოეთში არნახულად პოპულარული იყო 1980-იან წლებში და არანაკლებად ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში უამრავი კინო-თეატრი, კულტურის სახლი არსებობდა და ყველგან ინდური ფილმები გადიოდა. იმ პერიოდში ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში გამოჩნდა ძალიან გახმაურებუული ფილმები - "მისტერ ინდოეთი", "არტისტი" "ღვიძლი შვილი", "გურუ". საქართველოში შრიდევით გამოწვეული აღტაცება დღემდე დაუვიწყარია. შემდეგ იგი საქართველოსთან კარიერამ დააკავშირა. ორი წლის წინ ჩვენთან ბოლივუდმა გარკვეული სცენები გადაიღო ფილმისთვის სვანეთში. ფილმის პრემიერა 2017 წელს შედგა ინდოეთში და მთელ მსოფლიოში. ეს შრიდევის დაბრუნება იყო დიდ ეკრანზე გარკვეული პაუზის შემდეგ და ფილმიც სუპერჰიტი გახდა. სვანეთის კადრები არნახულად ლამაზად არის ფილმში წარმოდგენილი. შრიდევს სვანეთი იმდენად მოსწონდა, კიდევ აპირებდა ოჯახთან ერთად ჩამოსვლას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ტრაგედია მოხდა.

- შრიდევი სვანეთში ყოფნის დროს გაიცანით?

- არა, ზუსტად იმ პერიოდში მე ინდოეთში ვიმყოფებოდი. მე მას ინდოეთში შევხვდი. 1990 წლიდან ინდოეთის პოპულარიზაციით ვარ დაკავებული. 1990 წელს შევქმენით საქართველო-ინდოეთის კულტურათა ასოციაცია და მას შემდეგ მრავალი მიმართულებით ვიმუშავეთ - ინდური წიგნების გამოცემა, ინდური ცეკვების და სიმღერების ანსამბლის შექმნა, ინდური ენის შემსწავლელი კურსები. რამდენიმე არხზე ვუჩვენებდი პროგრამა "ილუზიონის" ანალოგს ტელეარხებზე - კავკასიაზე, ევრიკაზე... 2005 წლიდან უკვე ისეთი კონტაქტები გვქონდა, რომ ჩვენ ჩამოვიყვანეთ ბოლივუდის წარმომადგენლები 2007-2008 წლებში. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ვაცნობდით და ვამბობდით, რომ ბოლივუდი საქართველოში გადასაღებად ჩამოვიდოდა. ბევრს არ სჯეროდა, თუმცა ფაქტს ვხედავთ! პირადად ჩემი მოწვევით 2016 წელს იმყოფებოდა ჰემა მალინი. ეს გახლავთ ცნობილ ფილმში - "ზიტა და გიტა" მთავარი როლის შემსრულებელი. ძალიან დიდი ვარსკვლავი. ამავე დროს იგი გახლავთ ინდოეთის პარლამენტის წევრი. იგი სუხიშვილების რეპეტიციაზე მივიყვანე და ამის გაგრძელება იყო ის, რომ ჰემა მალინის მიწვევით გასულ წელს საოცარი გასტრლები ჰქონდათ სუხიშვილებს ინდოეთში. ასევე საქართველოში ჩვენი მოწვევით იყო ჩამოსული - რიში კაპური, რაჯ კაპურის შვილი.

- ისევ შრიდევს რომ დავუბრუნდეთ, რას ამბობდა იგი საქართველოზე?

- ჩვენი შეხვედრა ინდოეთში შედგა. ეს შეხვედრა ოფიციალური სახის იყო, რომელიც სულ 8 წუთს გაგრძელდა. თუმცა ის მდენად იყო საქართველოთი მოხიბლული, რომ ყველაფრის თქმა მოასწრო. აღფრთოვანებას გამოთქვამდა სვანეთის ბუნებაზე, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე. სხვათა შორის, აქ ნაკლებად იციან, რომ შრიდევი ბათუმშიც იმყოფებოდა. როდესაც გადაღებები დამთავრდა, გადამღები ჯგუფი ინდოეთში გაემგზავრა, შრიდევი კი ოჯახთან ერთად სვანეთიდან ბათუმში გადავიდა რამდენიმე დღით. ძალიან მოსწონდა ბათუმი.

სამწუხაოდ, შრიდევი ნაადრევად გარდაიცვალა. რამდენიმე დღის განმავლობაში გარკვეული პროცედურების გამო ვერ ხერხდებოდა მისი გადასვენება. იმ დროის განმავლობაში მის სახლთან ხალხი იყო შეკრებილი და გლოვა იყო... მთელი ეპოქა წავიდა შრიდევთან ერთად. სამასზე მეტ ფილმში გადაიღეს და სიმბოლურია, რომ ბოლო ფილმში საქართველოს სცენებშია გადაღებული.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს