პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ბარათაშვილის ქუჩაზე, შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მისივე ინფორმაციით, ბავშვები „მაკდონალდსში“ მიდიოდნენ. როგორც მან განმარტა, შემთხვევა ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ მოხდა.
"სამწუხაროდ, უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის ამჟამად საოპერაციოშია და უტარდება ყველა შესაძლო სამკურნალო ღონისძიება. დანარჩენი ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, მათ მცირე დაზიანებები აქვთ. რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება. ბავშვები არიან ფონიჭალაში მდებარე 70-ე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელები. ისინი „მაკდონალდსში“ ექსკურსიაზე მიდიოდნენ, ორბელიანის მოედანზე ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და მოხდა ეს უბედური შემთხვევა. ადგილზე იყვნენ მასწავლებლებიც და სხვა თანხმლები პირებიც",- განაცხადა ზოიძემ.