თვითმხილველების ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან შუშა იმ დროს ჩამოვარდა, როცა სკოლის მოსწავლეები მის გასწვრივ მიდიოდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს.
წაიკითხეთ ასევე: რა მდგომარეობაში არიან შუშის დაცემის შედეგად დაშავებული ბავშვები - ექიმის კომენტარი
”ხმაურზე რომ გამოვედით, დავინახეთ დასისხლიანებული ბავშვები. განსაკუთრებით მძიმე იყო ერთი ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ჭრილობები სახის არეში ჰქონდა. სხვა ბავშვებსაც ჰქონდათ დაზიანებები ხელებზე, ფეხებზე და სახეზე. ჩემმა შვილმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება და ვიდრე ექიმები მოვიდოდნენ, ვცდილობდით ბავშვებისთვის მინის ნამსხვრევები მოგვეცილებინა”, - განაცხადა თვითმხილველმა.
ნახეთ ასევე: უბედური შემთხვევა თბილისში - ორბელიანის მოედანზე შენობიდან ჩამოვარდნილი შუშა ბავშვებს დაეცა (+ფოტო)
ბარათაშვილის ქუჩაზე მოზრდილი შუშა ჩამოვარდა, რის შედეგად 70-ე სკოლის მოსწავლეები, 12-14 წლის 6 მოზარდი დაშავდა.
დაშავებული მოსწავლეეები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, შენობიდან ჩამოვარდნილი საკმაოდ მოზრდილი შუშა დაეცა მოზარდებს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
შემთხვევის ადგილზე, რომელიც პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული, სამართალდამცველები მუშაობენ.