“მაუწყებლობის შესახებ“ კანონს პრეზიდენტი ხელს არ აწერს, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, კანონპროექტები ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. ამის შემდეგ, პარლამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელა მოტივირებულ შენიშვნებზე. მოტივირებული შენიშვნები არ იყო გაზიარებული. პარლამენტმა კვლავ უყარა კენჭი მიღებულ ცვლილებებს და კვლავ დაუჭირა მას მხარი. როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს კანონპროექტები კვლავ გადმოიგზავნა პრეზიდენტთან. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება - ის ხელს არ აწერს ამ კანონპროექტებს”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო სულ 11-ჯერ გამოიყენა. "მაუწყებლობის შესახებ" კანონი არის ერთადერთი ვეტოდაძლეული კანონი, რომელსაც პარლამენტიდან გადაგზავნის შემდეგ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა. პროცედურის თანახმად, აღნიშნულ კანონზე ხელის მოწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მოუწევს.