5 საათი სიცოცხლის გადასარჩენად - აღმოსავლეთ გუტადან ბავშვებს და ქალებს, სავარაუდოდ, კორიდორით გაიყვანენ

5 საათი სიცოცხლის გადასარჩენად - აღმოსავლეთ გუტადან ბავშვებს და ქალებს, სავარაუდოდ, კორიდორით გაიყვანენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ გასცა ბრძანება, დამასკოსთან ახლოს, აღმოსავლეთ გუტაში საომარი მოქმედებები ხუთი საათის მანძილზე შეჩერდეს, ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

პუტინის განკარგულებით, დილის 9-დან 14 საათამდე ჰუმანიტარული პაუზა გამოცხადდება, მშვიდობიანი მოსახლეობა კორიდორის საშუალებით ტერიტორიას დატოვებს.

რუსეთი სირიის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერია სამოქალაქო ომში, რომელიც ქვეყანაში თითქმის 7 წელია, გრძელდება. ახლა ინტენსიური თავდასხმები აღმოსავლეთ გუტაზე ხორციელდება, სადაც ამბოხებულები არიან გამაგრებული.

რუსეთის ინტერვენციამ ჯარებით და შეიარაღებით მდგომარეობა ბაშარ ალ-ასადის სასარგებლოდ შეაბრუნა.

გაერო-ს მიერ კვირას მიღებულმა რეზოლუციამ, სირიის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე შეწყდეს ცეცხლი, გუტას დაბომბვის ინტენსივობა მცირედ შეასუსტა. ინტენსიური თავდასხმა მეორე კვირაა, გრძელდება.

სირიელი ოპოზიციონერების ინფორმაციით, ადამიანებს ქლორის მომწამვლელი გაზით ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. მკვეთრად იგრძნობოდა ქლორის სუნიც. "სი-ენ-ენის" მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მამაკაცები და ბავშვები მკურნალობას გადიან, მათ ნაწილს ჟანგბადის ნიღაბი უკეთია.

მოხალისეების ჯგუფმა "თეთრი ჩაფხუტები" "ტვიტერზე" დაწერა, რომ ქლორის გაზით ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

ქლორით თავდასხმას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ "თეთრი ჩაფხუტების" წევრები ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ გუტაში "ტერორისტებს" აქვთ ქიმიური ნივთიერებები, რომელიც, შესაძლოა, პროვოკაციებისთვის გამოიყენონ.

გუტას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

არბინის კლინიკის ექიმი ჰამზა ამბობს, რომ საჰაერო დაბომბვა კვლავ გრძელდება.

"გუტა ისევ იბომბება. ქალაქ საქბაში მდებარე სამშობიარო სახლი სრულიად განადგურებულია," - განაცხადა ექიმმა CNN-თან.

ავიადარტყმები აღმოსავლეთ გუტას ტერიტორიაზე 18 თებერვალს დაიწყო და მას შემდეგ 520 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, 2 500 დაიჭრა.

 

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე