2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა კენჭისყრა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც მიმართეს საბჭოს წერილობითი განცხადებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით 50 კანდიდატიდან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, 44 მოსამართლე გაამწესეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა 6 მოსამართლეს.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების უკმაყოფილება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით წარდგენილი წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ზოგიერთი მოსამართლის ყოფნა ქართულ სასამართლო სისტემას შეუქმნის საფრთხეს:
"რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმ მოსამართლეებს, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით და რომელზეც გაირკვა, რომ იყო მცდარი. აქ ვგულისხმობ თეთრაძის, მოლაშვილის, ასევე ნორა კვიციანის საქმის მოსამართლეებს. ისტორიამ გვაჩვენა, რომ მათ მიიღეს პოლიტიკური დაკვეთის შედეგად გადაწყვეტილებები. ამ ადამიანების ყოფნა უვადოდ, დააზიანებს მათ პატიოსან და გამბედავ კოლეგების იმიჯს", - განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, საჯარო სამსახურში სპეციალისტის დანიშვნა უფრო დასაბუთებულია და პროცედურა უფრო გამართული, ვიდრე მოსამართლის უვადოდ დანიშვნა. როგორც დოლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, ამ პოზიციაზე მოსამართლეთა დანიშვნა ერთხმად უნდა მოხდეს, რაც უმაღლესი ლეგიტიმაცია იქნება.
"ის ადამიანები, რომლებიც არ დანიშნეს უვადოდ, ვერ მიიღებენ პასუხებს იმაზე, თუ რატომ უთხრეს უარი. ერთმანეთს არ შეესაბამება ის ქულები, რომლებიც მათ მიიღეს ინდივიდუალურად და შემდეგ გადაწყვეტილება, რომ ისინი არ დაინიშნენ უვადოდ. სასამართლო რეფორმების ტალღების ეტაპზე თავდაპირველად დაემატა კეთილსინდისიერების კრიტერიუმი, ეს სიახლეა, ასევე დაემატა კომპეტენტურობა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გვაქვს შედეგი, რომელიც ელემენტარულ კითხვებს ვერ სცემს პასუხებს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერმა მოსამართლემ რომ იკითხოს, რატომ არ დაინიშნა, არ აქვს პასუხი. მათი ქულები ნორმალური იყო. არიან მოსამართლეები, რომელთაც გაცილებით დაბალი ქულები აქვთ, თუმცა დაინიშნენ უვადოდ", - განაცხადა ანა დოლძემ.
44 უვადო მოსამართლის დანიშვნას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის მმართველ გუნდშიც.
"მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი. სამართლიანობის განცდა არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც შენდება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო.
რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ღირებულებებს ეხება და მთელ ერს აერთიანებს. სწორედ ღირებულებებისთვის ბრძოლამ გაართიანა ჩვენი ერი და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვა გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვოთ უპასუხოდ საზოგადოების კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომელიც მისცემს საშუალებას ჩვენს ქვეყანას განამტკიცოს ის მონაპოვარი, რომელიც მოგვიტანა რამდენიმე წლიანმა ბრძოლამ და 2012-მა წელმა“,- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
უვადოდ მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობაც. უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ პრემიერში, არამედ, საზოგადოების უდიდეს ნაწილში გააჩინა კითხვები.
“მართალია, სასამართლო დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მის საქმიანობაში ვერ ჩავერევით, მაგრამ, რადგან საზოგადოება საბოლოო პასუხისმგებლობას მაინც მმართველ გუნდს აკისრებს, მათთან ერთად კითხვების დასმის უფლება გვაქვს და ამ კითხვებზე პასუხს ჩვენც ველით. ეს ის ხალხია, რომელმაც 2012 წლის გამარჯვება საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიტანა და რომელთათვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სულხან მოლაშვილის მიმართ გამოტანილი უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილება იყო. დემოკრატია ის მონაპოვარია, რომელიც ხელისუფლებას მთელ რიგ საკითხებში ჩარევისაგან ზღუდავს, მაგრამ ასეთი საკითხები საზოგადოებისთვის უპასუხოდ არ უნდა რჩებოდეს.
საქართველოს პრემიერმა ალბათ ბევრი ჩვენი თანამებრძოლის გულში დაგროვილი სიტყვები ამოთქვა. ეს ეხებოდა იმ ღირებულებებს, რომლითაც ეს გამარჯვება მოვიპოვეთ და რის შესახებაც კითხვები უკვე თავად ამ ხალხში ჩნდება. ისტორიას აქვს ერთი პრინციპი - ყველა ბრძოლა გამარჯვებით ან დამარცხებით სრულდება, მაგრამ ბოლომდე მიდის. ჩვენს მიერ დიდი გამარჯვებით დაწყებული ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ჩანს, ჯერ არ დასრულებულა. 2012 წელს ხალხში დაბადებული ემოცია განელდება მხოლოდ მაშინ, როცა იმ დროის მთავარ დანაპირებს იგრძნობს საზოგადოება. წინააღმდეგ შემთხვევაში ემოცია უფრო ბობოქარი გახდება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.