მიკროავტობუსების მგზავრთა ნაწილის ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსების ზოგიერთი მძღოლი მგზავრობის საფასურის პლასტიკური ბარათით გადახდის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და მათ ნაღდი ფულით გადახდას სთხოვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მგზავრმა განუცხადა, აღნიშნული პრობლემის წინაშე ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად დგებიან.
“უკვე არაერთი შემთხვევა მქონია, როცა მძღოლს მოუთხოვია, რომ მგზავრობის საფასური ბარათით არ გადავიხადო. როცა ამას შევეწინააღმდეგე და ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს უფრო მოსახერხებელი და უკეთესია, მძღოლი გაღიზიანდა, შეურაცხყოფაზე გადმოვიდა და ისიც კი მითხრა, რომ იმ მგზავრებს, რომლებიც ბარათით იხდიან, მეტ-ნაკლებად უკვე ცნობენ და საერთოდ არ გაუჩერებენ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა.
სააგენტოსთან ანალოგიურ პრობლემაზე ისაუბრა კიდევ რამდენიმე მოქალაქემ, რომელიც ყოველდღიურად ასევე მიკროავტობუსით მგზავრობს.
„შემიძლია ვთქვა, რომ მძღოლმა დამწყევლა კიდეც იმის გამო, რატომ გადავიხადე პლასტიკური ბარათით. როცა მიზეზით დავინტერესდი, თუ რატომ ჰქონდა მისთვის ამას მნიშვნელობა, მძღოლმა თავისი არგუმენტები ჩამოთვალა, მათ შორის თქვა, რომ მგზავრობის საფასურს უკვე თითქმის ყველა ბარათით იხდის, რის გამოც კომპანიისთვის ყოველდღიურ გადასახადს და საწვავისთვის საჭირო თანხას ვერ აგროვებს. მესმის მძღოლების პრობლემის, მაგრამ პლასტიკური ბარათით გადახდას ჩემთვის უპირატესობა აქვს, რადგან პირველი მგზავრობისას თუ 80 თეთრს ვიხდი, მეორედ მგზავრობისას უკვე 65 თეთრი მეჭრება“, - აღნიშნა სააგენტოსთან საუბარში კიდევ ერთმა მგზავრმა.
„ინტერპრესნიუსი“ მგზავრების ნაწილის პრეტენზიებთან დაკავშირებით თავად მიკროავტობუსის მძღოლებსაც ესაუბრა, რომლებიც სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე მუშაობენ.
ტაქსის მძღოლთა ნაწილის განცხადებით, მგზავრებისადმი თხოვნა, რომ მათ მგზავრობის საფასური ნაღდი ფულით გადაიხადონ, მათსა და ”თბილისის მიკროავტობუსებს” შორის „გაფორმებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია“. როგორც მძღოლებმა აღნიშნეს, პლასტიკური ბარათით გადახდილი თანხა პირდაპირ კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” ბალანსზე ირიცხება, „ხოლო ყოველდღიური გადასახადი, რომელიც 20 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, მათთვის მაინც სავალდებულოა“. ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას მძღოლებმა ასევე განმარტეს, რომ ”თბილისის მიკროავტობუსი” არც სატრანსპორტო საშუალების საჭირო რაოდენობის საწვავით მომარაგებას უზრუნველყოფს და მათ შესაბამისი თანხის გადახდა საკუთარი სახსრებით უწევთ, ხოლო იმის გამო, რომ მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილ თანხასთან აქვთ წვდომა, აცხადებენ, რომ შეგროვილი თანხა ხშირად არასაკმარისია და ყოველდღიური გეგმის შესრულებასაც ვერ ახერხებენ.
”კომპანია არაფერში გვეხმარება, საწვავის ფულსაც ჩვენ ვიხდით, რომ ვიმუშაოთ. დღეს ნახევარი საათით შევაფერხე რეისი, რადგან საწვავი არ მქონდა. სხვადასხვა ხაზზე მომუშავე მძღოლებს სხვადასხვა ფასი გვაქვს დაწესებული. მე მაგალითად, 68 ლარს ვიხდი. ვითომ ეს თანხა სატრანსპორტო საშუალების ცვეთის ფულიაო და რეზერვში ინახავენ, რამე რომ მოუვიდეს შევაკეთებთო, მაგრამ ყოველდღე ხომ არ ფუჭდება? პლასტიკური ბარათით გადახდა არ გვაწყობს, რადგან ის თანხა კომპანიაში მიდის, ჩვენ კი ყოველდღიურ გადასახადს მაინც გვახდევინებენ. მაგალითად, თუ პლასტიკური ბარათის მეშვეობით 40 ლარი შედის დღიურად კომპანიაში, მე მაინც მიწევს თანხის დამატება, რომ გეგმა შესრულებულად ჩამეთვალოს. ახლა ცუდი სეზონია, ყოფილა შემთხვევები, როცა გეგმა ნასესხები ფულით გადამიხდია და სახლში ხელცარიელი წავსულვარ”, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მძღოლმა.
რაც შეეხება კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" პოზიციას ბრალდებებზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება აქვს.
„პირველივე ჯერზე წყდება მძღოლთან ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ეუბნება, რომ ტერმინალი არ გამოიყენოს და ნაღდი ფულით გადაიხადოს. ასევე, ჩვენი მონიტორინგის სამსახური ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ფარეხის ხელმძღვანელობისგან, რამდენად გამართულად მუშაობს მიკროავტობუსში ტერმინალი და იმ შემთხვევაშიც, თუ ის გაფუჭებულია და მძღოლმა არ შეატყობინა ფარეხის ხელმძღვანელობას, ავტომატურად წყდება მძღოლთან ხელშეკრულება.
თუ თქვენ მოგვაწვდით იმ ავტომობილების სახელმწიფო ნომრებს, ან მძღოლის სახელს და გვარს, რომელიც გამოკრული უნდა იყოს წინა საქარე მინაზე, რეაგირებას მოვახდენთ. გარდა ამისა, ნებისმიერ მგზავრს შეუძლია დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე დილის 08:00 საათიდან 22:30 საათამდე. გარდა ამისა, თუ მძღოლი რაიმე მიზეზით აგვიანებს გასვლას და მგზავრს პრობლემა ექმნება, ამ შემთხევვაშიც მძღოლი ჯარიმდება. კონდიცირების სისტემა თუ გამორთული აქვს მძღოლს ზაფხულის პერიოდში, პირველ შემთხვევაში 10 დღით ეკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, განმეორების შემთხვევაში 1 თვით, ხოლო მესამე შემთხვევის დაფიქსირებისას ხელშეკრულებას ვუწყვეტთ. ასევე ჯარიმები და სანქციებია სიგარეტის მოწევასა და მომხმარებელთან კონფლიქტური სიტუაციის შექმნაზე. ამის შესახებ მძღოლები ინფორმირებული არიან“, - განაცხადა მიქიაშვილმა.
რაც შეეხება მძღოლების ყოველდღიურ ხარჯებს, „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯები გაწერილია მძღოლთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით და ამის შესახებაც მძღოლებს ინფორმაცია აქვთ.
„თქვენ რომ გთხოვდნენ სამსახურში ყოველდღიურად თქვენი თანხის მიტანას, მიიტანდით? ასევეა ამ შემთხევაშიც. არავინ არაფრის თანხას არ ამატებს. დაფიქსირებულია თითოეულ ხაზზე რამდენია მძღოლის ყოველდღიური გადასახადი, რაც არ იცვლება. ეს გადასახადი ყველა სამარშრუტო ხაზის შემთხვევაში დგინდება კილომეტრაჟის და არსებული ტრაფიკის, მგზავრთა ნაკადების მიხედვით. გარდა ამისა, ხდება ცვეთის ფულის, საწვავის ხარჯების, ნაწილების ფულის დაანგარიშება. საწვავისთვის და გამართულობისთვის თანხას იხდიან. მაგრამ ყველა დამატებით დიდ ხარჯს, რომელიც შესაძლებელია რთულად დასაფარი იყოს მძღოლისთვის, მაგალითად, იატაკების და სავარძლებლების გამოცვლა და ა.შ., იფარება კომპანიის მიერ. ასევე,ზაფხულის პერიოდში კონდიცირების სისტემის გამართვის ხარჯებიც. გარდა ამისა, კომპანია ითვალისწინებს მძღოლის სოციალურ მდგომარეობას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობას და ამ ხარჯებს კომპანია თავის თავზე იღებს, მითუმეტეს, რომ ეს ჩვენი ვალდებულება არ გახლავთ, ეს არის მძღოლის ვალდებულება და ხელშეკრულებაში უწერია“, - განაცხადა მიქიაშვილმა.