პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძვის. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, მაისაშვილმა ვერაგი დაავადება დაამარცხა, თუმცა შედეგი ხანმოკლე აღმოჩნდა...
პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა უკანასკნელ დროს ძალიან დამძიმდა და ფაქტობრივად, უიმედოა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა:
"გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება სავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითეულ მის გულშემატკივარს გადმოგცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხნევებელი, და რაც მთავარია, უზომო ენერგიის მიმცემი", - ვკითხულობთ პოსტში.
როგორც გავარკვიეთ, პოლიტიკოსი კლინიკიდან გაწერეს, რადგან მის მდგომარეობასთან მედიცინა უკვე უძლური აღმოჩნდა. AMBEBI.GE გია მაისაშვილის მეგობარს, კონსტანტინე გამსახურდიას ესაუბრა, რომელიც მაისაშვილის უკანასკნელი თხოვნის შესრულებას სახელმწიფოს და ხალხს სთხოვს.
"ამჟამად გიას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტიურად უიმედოა. წართმეული აქვს კიდურები, პერიოდულად მოდის გონზე და შემდეგ ისევ უკონტაქტო ხდება.
- სად ცხოვრობს ამერიკაში?
- ის სან-ფრანცისკოს შემოგარენში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, მაგრამ ბოლო ორ თვეში მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და კლინიკიდან გაწერეს. საავადმყოფოს აქვს სპეც-ნომრები, სადაც საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ცხოვრობენ ის პაციენტები, რომელთაც სახლი არ აქვს სან-ფრანცისკოში.
- ვინ არის მასთან ერთად?
- მასთან ერთად არის მისი და. შვილებიც იყვნენ ჩასული, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. გიას ბოლო სურვილი იყო სამშობლოში დაბრუნება, რისი საშუალებაც მის ოჯახს არ აქვს, ამიტომ ხელისუფლებას და საზოგადოებას ვთხოვთ დახმარებას. სპეცრეისით მისი თბილისში გადმოყვანით, გიას სიცოცხლეც გახანგრძლივდება ცოტა ხნით...
გია მაისაშვილის დასახმარებლად დარეკეთ ნომერზე: 591 974376 (ანზორ მაისაშვილი)
თამარ ბოჭორიშვილი