საქართველოში სამშენებლო მასალების მსოფლიო ლიდერი ბრენდის "Lafarge Holcim"-ის პარტნიორი "საქართველოს ცემენტის კომპანია" საქმიანობის პირველ წელს წარმატებულად აფასებს.
ფრანგულ-შვეიცარიული კომპანია "Lafarge Holcim", ცემენტის წარმოების მხრივ, უპირობო ლიდერია მსოფლიოში. კომპანია GCC (საქართველოს ცემენტის კომპანია) "Lafarge Holcim"-ის მოქმედი სტანდარტებით ოპერირებს ბაზარზე და, ასევე, ფლობს ISO სერტიფიკატს.
2017 წელს "საქართველოს ცემენტის კომპანიამ", "Lafarge Holcim"-თან პარტნიორობით, მასშტაბური პროექტები განახორციელა. დასავლეთ საქართველოში, სამწუხაროდ, თურქული ცემენტი იყო პოპულარული, თუმცა კომპანიამ მოახერხა თურქული პროდუქციის საქართველოში ნაწარმოებით ჩანაცვლება. Lafarge-GCC აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ცემენტს და მომხმარებლები მიხვდნენ, რომ საქართველოშივე შეუძლიათ, შეიძინონ უკეთესი ხარისხის ცემენტი.
კომპანიამ ბაზარზე თავი დაიმკვიდრა, როგორც სტაბილურად მაღალი ხარისხის ცემენტის მწარმოებელმა ქარხანამ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიას წარმატებული სტარტი ჰქონდა.
"საქართველოს ცემენტის კომპანიის" მიერ განხორციელებულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და მათი პროდუქციის უპირატესობებზე, კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს მერაბ ჩიხრაძეს დეტალურად ვესაუბრეთ.
როგორ შეაფასებდით კომპანიის საქმიანობის პირველ წელს?
"Lafarge Holcim"-თან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი "საქართველოს ცემენტის კომპანიისთვის" ძალიან წარმატებული იყო. ქართულ ბაზარზე ყოველთვის იყო პრობლემა ცემენტის ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენმა კომპანიამ ბაზარზე შემოიტანა პროდუქცია, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს მაღალ ხარისხს. ჩვენ გვაქვს მაღალი დონის, სრულიად აღჭურვილი ევროპული სტანდარტების ლაბორატორია, სადაც საცემენტე ნედლეული და, ასევე, საბოლოოდ ცემენტი გადის დეტალურ შემოწმებას. ჩვენ ვზრუნავთ, რომ პროდუქცია იყოს სტაბილურად ერთი და იგივე ხარისხის. როცა ბეტონის ან ბეტონის მწარმოებელი ნაკეთობების კომპანიებს აქვს გარანტია იმისა, რომ პროდუქტი არის დეტალურად შემოწმებული, აქვს შესაბამისი სერტიფიკატი და, ასევე, გამოყენებული და შემოწმებულია პრაქტიკაში, ეს ფაქტორები მომხმარებლისთვის ძალიან დიდ კომფორტს ქმნის. მომხმარებელი აღარ ნერვიულობს, როცა ცემენტის შემადგენლობით ქმნის რეცეპტს და თავისი ბიზნესის ეკონომიკას უფრო თამამად გეგმავს.
რა ადგილი გიკავიათ ბაზარზე?
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ჯგუფის ცემენტის წარმოების დივიზიონს, რადგან კომპანიამ ბაზარზე თავი დაიმკვიდრა, როგორც სტაბილური და მაღალი ხარისხის მქონე ცემენტის მწარმოებელმა ქარხანამ. ჩვენი ქარხნის დადგმული სიმძლავრე წლიურად არის 300 ათასი ტონა. პირველ სატესტო წელს გაყიდვების მოცულობამ 50% შეადგინა, რაც ოპერირების პირველი წლისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. ის განწყობა, რაც ჩვენი მომხმარებლებისგან მოდის, არის ძალიან პოზიტიური. იზრდება მოთხოვნა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ წელიწადს გაყიდვების მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება.
კომპანიის მიღწევები?
ჩვენმა გუნდმა თავიდანვე დაიწყო იმაზე მუშაობა, რომ მიგვეღო ISO სერტიფიკატი. მიუხედავად იმისა, რომ ქარხანა ოპერირებს "Lafarge Holcim"-ის სტანდარტებით, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია და კითხვებს არ აჩენს, თუმცა საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საჭირო გახდა ISO სერტიფიკატის აღება. ქარხანამ სერტიფიკატისთვის გასავლელი პროცედურები ძალიან სწრაფად და ყოველგვარი პრობლემის გარეშე გაიარა და მას მოკლე დროში მიენიჭა ISO სერტიფიკატიც.
თქვენ მიერ განხორციელებული დიდი პროექტები?
არ მინდა დავაკონკრეტდე, მაგრამ დასავლეთ საქართველოში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ჩვენს მიერ წარმოებულ ცემენტს მოიხმარს. ასევე, დიდი სამშენებლო კომპანიების უმეტესობა ჩვენი პარტნიორია.
რა სტანდარტებით ხელმძღვანელობთ კლიენტებთან ურთიერთობის დროს?
ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ, რომ უნდა გვემუშავა ევროპული სტანდარტებით და, შესაბამისად, მომხმარებლებს ვთავაზობთ ევროსტანდარტებს. ქარხნის მენეჯმენტს მომხმარებელთან გახსნილი და მეგობრული ურთიერთობა აქვს. კლიენტებს ადგილზე აცნობენ, როგორ ხდება ცემენტის წარმოება, ხარისხის კონტროლი და ეს იწვევს დიდ ნდობას.
ჩვენი დიდი სურვილი იყო, საქართველოში ცემენტის მოხმარების კულტურა გაზრდილიყო. ადრე ცემენტის სპეციპიკაციას ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ახლა ჩვენ, კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე, თვითონ ვთავაზობთ კლიენტს შესაბამის და მათთვის საჭირო ტექნიკური მახასიათებლების ცემენტს. კლიენტის მოთხოვნილებების გათვალისწინებით ქარხნის მენეჯერები ზრუნავენ არსებულ საკითხზე და ზოგ შემთხვევაში სთავაზობენ სპეციალურ რეცეპტს.
რა განგასხვავებთ სხვა საწარმოებისგან?
"LAFARGE HOLCIM"-ს მსოფლიოში დანერგილი აქვს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, ტომრებში დაფასოებულ ცემენტის ტიპებს კონკრეტული სახელი აქვს. ამ მხრივ, საქართველო არ ყოფილა გამონაკლისი, მომხმარებლისთვის კარგად ცნობილ 400-მარკიან ცემენტს ქართული სახელი "ოსტატი" დავარქვით, ხოლო 500-მარკიან ცემენტს - "უნივერსალი". "ოსტატი" ხშირად გამოყენებადი ცემენტია, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს, ამიტომ ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ამ ტიპის ცემენტს ქართული სახელი ჰქონოდა და ამით ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ. "უნივერსალი" უფრო მაღალი სიმტკიცის მქონე პროდუქტია, რომელსაც თავისი მომხმარებელი ჰყავს.
დღეს მწვავედ დგას შრომითი უსაფრთხოების საკითხი. რამდენად უსაფრთხო პირობებში უწევთ თქვენს თანამშრომლებს მუშაობა?
ეს პრობლემა დღეს, მართლაც, მწვავედ დგას. "LAFARGE HOLCIM"-ს აქვს შიდა რეგულაციები, რომელიც იმ 90 ქვეყანაში ვრცელდება, სადაც ჯგუფი ოპერირებს. ჩვენ ამ საკითხს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. "LAFARGE HOLCIM"-ისთვის პირველ ადგილზე დგას ადამიანის უსაფრთხოების დაცვა და ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩვენთან მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. გვყავს უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც მონიტორინგს უწევს და ძალიან მკაცრად აკონტროლებს უსაფრთხოებას. ამ მიმართულებით ძალიან მაღალ სტანდარტებზე ვართ გასულები. საქართველოში, სამწუხაროდ, ამ კუთხით არის მენტალური პრობლემა, იმედი გვაქვს, რომ ეს მალე აღარ იქნება. ჩვენ შემთხვევაში უსაფრთხოების მენეჯერი სისტემატურად უტარებს თანამშრომლებს ტრენინგებს უსაფრთხოების დაცვის კუთხით.
სამომავლო გეგმები?
რაც შეეხება ცემენტის წარმოებას, დაგეგმილი გვაქვს რომ დასავლეთ საქართველოს შემდეგ აღმოსავლეთისკენ გადმოვინაცვლოთ. ვაპირებთ, თბილისში დავიწყოთ ცემენტის რეალიზაცია. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომლებსაც ეტაპობრივად ვახორციელებთ.
"Lafarge Holcim"-ს, ცემენტის გარდა, ბეტონის წარმოების მიმართულებაც საკმაოდ ძლიერი აქვს. კომპანიამ 2017 წელს თბილისში ბეტონის პირველი ქარხანა გახსნა, რომელიც ევროსტანდარტებით არის აშენებული და ორიენტირებულია მაღალი დონის უსაფრთხოებაზე, ხარისხსა და ეკოლოგის დაცვაზე.
როგორც მერაბ ჩიხრაძე აცხადებს, მათ ბეტონის წარმოების გაზრდა და ქარხნების აშენება დაგეგმილი და გათვალისწინებული ჰქონდათ, თუმცა, წარმატებული სასტარტო წლის გაყიდვებიდან გამომდინარე სასწრაფო და აუცილებელი გახდა დამატებითი საწარმოო სიმძლავრეების შექმნა, რომელიც უახლოეს მომავალში აშენება.
მზა პროდუქციის გარდა, კიდევ რას სთავაზობთ ბაზარს?
მინდა აღვნიშნო, რომ ბეტონის წარმოების დივიზიონისთვისაც გასული წელიც წარმატებული იყო. 2017 წელს თბილისში პირველი ბეტონის ქარხანა გაიხსნა, რომელიც "LAFARGE"-ის ბრენდით ოპერირებს. ქარხანა Lafargeholcim-ის სტანდარტებით არის აშენებული. თბილისის ბაზარმა ძალიან კარგად მიიღო ჩვენი პროდუქცია, რაზეც, როგორც უკვე გითხრით, გასული წელიც მეტყველებს. წლიურად შესრულდა 110,000 კუბი სხვადასხვა კლასის ბეტონის პროდუქციის რეალიზაცია. პირველი წლისთვის ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.
გაყიდვებიდან გამომდინარე, გეგმავთ თუ არა გაფართოებას?
ჩვენ ისედაც ვგეგმავდით დამატებით ბეტონის საწარმოების გახსნას, თუმცა ასეთმა გაყიდვებმა დააჩქარა ჩვენი გეგმები და თბილისში მალე გაიხსნება დამატებით კიდევ ერთი ბეტონის ქარხანა. ასევე, დასავლეთ საქართველოში ვგეგმავთ ბეტონის წარმოების დაწყებას. მაგალითად, ჩვენი ბიზნესჯგუფის აქციონერი დიმიტრი აბდუშელიშვილი არის, ასევე, ანაკლიის კონსორციუმის წევრი და ამჟამად მათთან მიდის მოლაპარაკება, რომ ანაკლიის პროექტისთვისაც აშენდეს ბეტონის ქარხანა, რადგან ამ მართლაც უნიკალური პროექტისთვის მოხდეს "lafarge Holcim"-ის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა, ცემენტისა და ბეტონის მიწოდების კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ ანაკლიის კონსორციუმი მშენებლობას ახორციელებს მაღალი სტანდარტების დაცვით, რაც უმნიშვნელოვანესია სამშენებლო სექტორის განვითარებისთვის და მინდა, წარმატება ვუსურვო მათ. ეს არის ისტორიული პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ფლაგმანი უნდა გახდეს.
რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა გეგმები გაქვთ ბეტონის წარმოების განვითარების მიმართულებით?
ბეტონის ოპერირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სერვისის მაღალი სტანდარტების დანერგვის კუთხით. "Lafarge Holcim"-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომსახურების მაღალი სტანდარტი, სწრაფი ლოგისტიკა, კომფორტული მიწოდების სერვისი, მოქნილი შეკვეთების სისტემა და მომხმარებლის კმაყოფილება. ასევე, ვგეგმავთ თბილისის ბაზარზე "Lafarge Holcim"-ის ბეტონის ინოვაციური პროდუქტების გაშვებას.
მაგალითად, დედაქალაქის ელიტურ ადგილას ვიწყებთ საკუთარ საინვესტიციო პროექტს. Lafarges-ის ინოვაციური პროდუქტებით ვაშენებთ საცხოვრებელ კორპუსს. გამოყენებული იქნება თანამედროვე არქიტექტურის შესაბამისი ბეტონის ტიპები, რომელიც ლამაზ შენობებს ქმნის. მშენებლობას განახორციელებს ჩვენივე ჯგუფში მყოფი სამშენებლო კომპანია BBC construction, რომელიც, თავის მხრივ, სამშენებლო სექტორში, ასევე, მაღალ სტანდარტებს ნერგავს.
როგორც ცნობილია, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობას სასტუმრო "Hilton" დაიკავებს. ამ პროექტის ინვესტიციას, ასევე, აღნიშნული ჯგუფი ახორციელებს. შენობის შიდა ინტერიერზე მსოფლიოში აღიარებული იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი პიერო ლისონი მუშაობს. მშენებლობა 2 წელში დასრულდება და ეს იქნება ერთ-ერთი პოპულარული ადგილი ტურისტებისთვის და ასევე, ადგილობრივებისთვის.
რას გვეტყოდით ამ პროექტის შესახებ?
სასტუმროების ბიზნესში საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. მაგალითად, გუდაურში, ფაქტობრივად, პირველები ვიყავით, ვინც ზემოთ, სათხილამურო ტრასასთან ახლოს ავაშენეთ სასტუმრო CARPE DIEM. ფაქტობრივად, ჩვენი პროექტის შემდეგ დაიწყო ახალი გუდაურის განვითარება. ამ სექტორის განვითარებისთვის შევიძინეთ კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობა, სადაც ექსკლუზიური "ჰილტონი" გაკეთდება. თავის სტილისტიკითა და დიზაინით ეს სასტუმრო იქნება მსოფლიო მასშტაბით არსებულ "ჰილტონებს" შორის გამორჩეული, რაზეც ზრუნავს ძალიან ცნობილი იტალიელი არქიტექტორი და დიზაინერი პიერო ლისონი. თამამად გეტყვით, რომ სასტუმრო გახდება თბილისის სავიზიტო ბარათი.