იტალიის დედაქალაქ რომში, მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე მიწა ჩავარდა და რამდენიმე ავტომობილი ჩაიყოლა. შემთხვევა ადგილობრივი დროით, საღამოს 18:00 საათზე მოხდა. მიწა იმ ადგილთან ახლოს ჩავარდა, სადაც კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა და დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე ჩაიყოლა ათამდე ავტომობილი.
იტალიურ ტელეარხთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქის სხვადასხვა უწყებას რამდენჯერმე მიმართეს გზაზე გაჩენილი ბზარების გამო.
იხილეთ ვიდეო: რომში მიწა ჩავარდა და რამდენიმე ავტომობილი ჩაიყოლა
"უკანასკნელი სამი თვის მანძილზე საჩივრები შევიტანე პოლიციაში. გზაზე ყოველდღე ვხედავდით ბზარებს, რომლებიც თანდათან იზრდებოდა, მაგრამ ამ ადგილას არ წყდებოდა მძიმე მანქანების მოძრაობა. არავინ მოგვაქცია ყურადღება და შედეგიც სახეზეა" - ამბობს იურისტი ჯანკარლო კაპრასისი.
მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან, მაშველებმა 22 ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს. შემთხვევის შედეგად დაზარალებულები არ არიან.
რომის მერმა ვირჯინია რაგიმ იტალიურ სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ "შემთხვევის გამო პასუხისმგებლები დაისჯებიან".