თუ ასეთი მართალი იყო ზურა ბაქრაძე, მანამდე დამჯდარიყო საბრალდებო სკამზე ჩვენთან ერთად, კი არ გაქცეულიყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ, ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის ბრალდებების საპასუხოდ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა ბაქრაძის მიზანი, პროკურატურასთან ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა და მისი ბრალდებებიც სწორედ ამას უკავშირდება.
"ზურაბ ბაქრაძეს, ახლა თავის ჭკუით რომ გეგმავს ვითომ საპროცესო გარიგებას, არაფერი გამოუვა. ეგ მოლაპარაკებები ფარულად როგორ აქვს დაწყებული, ჩვენ დიდიხანია ვიცით. მაგან ერთხელ პროკურატურას უთხრა, რომ ჩამოვიდოდა და ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, ამაზე თავის დროზე გარკვეული თანხა გადაურიცხა კბილაშვილმა და ბაქრაძემ გადააგდო. ახლა მოენატრა საქართველო?! ჩამობრძანდეს, რა პრობლემაა, გააფორმოს საპროცესო და თუ უნდა ათჯერ დაგვადოს ხელი. ვერსად გაექცევა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. თუ ერთი ზურაბ ბაქრაძე ამბობს აღვირახსნილობას და სამარცხვინო ტყუილს, აქეთ დგას კიდევ 4 და 5 ადამიანი", - განაცხადა დონაძემ.
მისივე თქმით, ფირი, რომლის სიყალბეზეც ბაქრაძემ ისაუბრა, სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა და დღევანდელ პროცესზე, შსს-ს ექსპერტმა დაადასტურა, რომ დამონტაჟებული არაა.
"მას უპირებენ, რომ გაუფორმონ საპროცესო გარიგება და ვითომ ამ საქმეს მოაცილონ, იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ ხელი დაგვადოს. ზურაბ ბაქრაძემ კი არა, 100-მა კაცმა რომ დაგვადოს ხელი, უტყუარად დადასტურებულია, რომ გასროლიდან იარაღების პოვნამდე, სანამ ბუტა რობაქიძე ცოცხალია, დაჭრილ მდგომარეობაში, ფირი არის უწყვეტი და არ არის მონტაჟი. დღეს დაადასტურა სხვათა შორის შსს-ს ექსპერტიზამ, რომ სამ წუთამდე მტკიცებულებად წარდგენილ ფირში არ შეინიშნება მონტაჟის არანაირი კვალი. ზურა ბაქრაძემ რაც უნდა ის ილაპარაკოს, თუ ფიქრობს, რომ აქეთ შეგვაწმენდს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ძალიან უჩქარია. ზურა ბაქრაძე დღეს რომ ამას ლაპარაკობს, ზეგ სხვა რამე რომ შეიცვლება, იტყვის, როგორ ათქმევინეს ეს და ა.შ. შემდეგ იმ ადამიანების გვარებს ჩამოთვლის, ვინ ჩაადენინა ახალი დანაშაული. თუ ასეთი მართალი იყო ზურა ბაქრაძე, მანამდე დამჯდარიყო საბრალდებო სკამზე ჩვენთან ერთად, კი არ გაიქცეოდა?!", - აღნიშნა შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურმა დონაძემ.
რაც შეეხება ბაქრაძის თაობაზე ფირის არსებობას, როგორც გურამ დონაძემ განაცხადა, მას ერთ-ერთი ადამიანი დაუკავშირდა და დაჰპირდა, რომ მიაწვდიდა ვიდეოს, სადაც ბაქრაძე ფიგურირებს ყველგან. დონაძის თქმით, ის ამ ფირის მიწოდებას ჯერ კიდევ ელოდება.
ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანეს. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძის დავალებით მიიტანეს. ასევე ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.