სინამდვილეში 50 მილიონი არის 39 მილიონი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში საუბრისას განაცხადა.
ვასილ მაღლაფერიძემ განმარტა, რომ 50 მილიონი არის მითოლოგიური რიცხვი და როდესაც ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ რომ საქართველოში არის ორი საზოგადოებრივი მაუწყებელი.
"იცით, რომ ეს 50 მილიონი სინამდვილეში 39 მილიონია? დაფინანსებას ვგულისხმობ. სინამდვილეში არის 39 მილიონი. როდესაც ამბობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარჯავს 50 მილიონს, ეს 50 მილიონი არ არის და 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარჯავდა 39 მილიონს. ანუ, 50 მილიონი არის მითოლოგიური რიცხვი. როდესაც ვამბობთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არის 2 საზოგადოებრივი მაუწყებელი", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება არც დემპინგთან დაკავშირებით ბრალდებები. გარდა ამისა, ვასილ მაღლაფერიძემ ტენდერით შესყიდვებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
"მედიასაშუალებებიდან ყველაზე გამჭვირვალე მედიაორგანიზაცია არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ვინმე კარგია, არამედ ასეა კანონით დადგენილი. თითოეული ჩვენი ლარი და თეთრი არის მთლიანად გაკონტროლებული და სამსჯავროზე გამოტანილი. მე დღესაც კი მივაწოდე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.
დღეს ყველა მედიასაშუალება თავისუფალია მთლიანად შესყიდვების კანონიდან. ის ყიდულობს ისე, როგორც მას უნდა. მოუნდებათ იყიდოს ტელეფონი, იყიდიან ტელეფონს, თუ მათ მოუნდებათ იყიდონ გადაცემა, იყიდიან გადაცემას", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.