"ბიტფურის" ჯგუფის მიერ გლდანში მდებარე "დატა ცენტრის" აქტივების გაყიდვას ფინანსისტები ფორმალურ გარიგებად აფასებენ.
სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ამით კომპანიის მფლობელი ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვებისგან გაქცევას ცდილობს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მათი შეფასებით, გადასახადისგან თავის არიდება მსხვილი ინვესტორისთვის სერიოზული მორალური პრობლემაა, რასაც სხვა გზით ვერ მოაგვარებდა. გარდა ამისა, კომპანიის აქტივების გაყიდვით "ბიტფურთან" ბიძინა ივანიშვილის კავშირი ისპობა.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, გლდანის "დატა ცენტრის" აქტივები ჩინური კომპანია CHONG SING HOLDINGS-ია, რომელიც ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული.
საქართველოში კომპანია "ბიტფურის" წარმომადგენელ ეფრემ ურუმაშვილის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ინვესტიციები გლდანის "დატა ცენტრიდან" ტექნოლოგიური განვითარებისკენ მიმართოს.
"ჩვენი კომპანია ვითარდება რამდენიმე მიმართულებით. მათ შორისაა პროგრამული უზრუნველყოფა, აღჭურვილობა, აქტიურად ვართ წარმოდგენილი აზიის ბაზარზე, გავხსენით ახალი ოფისი ტოკიოშიც, მოკლედ, ვითარდება ტექნოლოგიური პროცესები და ვნერგავთ ინოვაციებს. კომპანია ვითარდება ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ინვესტიციები, რაც გამოიყო გლდანის "დატა ცენტრის" განვითარებიდან, მივმართოთ ტექნოლოგიური განვითარებისკენ", - აღნიშნა ურუმაშვილმა.
მისი თქმით, კომპანია საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ფლობს, შესაბამისად, ქართულ ბაზარს სრულად არ ტოვებს. განაგრძეთ კითხვა