თბილისის მე-17 სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლე სიმაღლიდან გადმოვარდა. როგორც AMBEBI.GE-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ბიჭი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"გადავიყვანეთ ბავშვი იაშვილის კლინიკაში. გამოძახება დაფიქსირდა მე-17 სკოლაში. იყო სიმაღლიდან ვარდნა. მოზარდი არის დაწყებითი კლასის მოსწავლე. დაზიანებებზე დეტალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით", - აცხადებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში.
როგორც იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში თავად ბავშვზე დაყრდნობით აცხადებენ, ბიჭი სკოლის საპირფარეშოში ჩაიკეტა, შეშინდა და ფანჯრიდან სწორედ ამიტომ გადმოხტა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, მოზარდს საჯდომის მიდამოებში დაზიანებები აღენიშნება.
"ბავშვი კარგად არის. მოტეხილობები არ აქვს, დაზიანებები აღენიშნება მხოლოდ საჯდომის მიდამოებში. კვლევები ჩაუტარდა. ამჟამად დაკვირვების ქვეშ არის და სავარაუდოდ დღესვე გაიწერება. როგორც ბიჭი ყვება, სკოლის საპირფარეშოში ჩაიკეტა, შეშინდა და ფანჯრიდან სწორედ ამიტომ გადმოხტა", - აცხადებენ საავადმყოფოს პრესსამსახურში.