თავისუფალ დროს ნებისმიერი ადამიანი აკეთებს საყვარელ საქმეს. სტრესისა და გადაღლილობისგან განტვირთვის მიზნით, საყვარელი საქმიანობით დაკავება ერთგვარი თერაპიაა. AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორი ჰობი აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბოლო დროს, სახლში კვირა დღესაც კი ვერ ატარებს. რადგან მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ოჯახისთვის დრო თითქმის არ რჩება. მამუკა მდინარაძის ჰობი სიმღერაა. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, სიმღერა ბავშვობიდან უყვარს. გიტარაზე დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა, სიმღერის ნიჭი გენეტიკურად, კერძოდ ბაბუისგან ალიოშა ჯაფარიძისგან გამოჰყვა. მამუკა მდინარაძე ბავშვობაში ფორტეპიანოს დაკვრასაც სწავლობდა, მაგრამ ამ საქმის შესწავლას თავი მეხუთე კლასში დაანება.
სიმღერა არის პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ჰობიც. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე სტუდენტობისას ქალბატონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან თბილისში სიმპატიურ ბიჭად მიიჩნეოდა. როგორც კობახიძის კურსელები იხსენებენ, პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე ხშირად უკრავდა გიტარაზე და კარგად მღეროდა. რჩება თუ არა სიმღერისთვის დრო, ახლა უცნობია.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სპორტით არის გატაცებული. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ახალგაზრდა პრემიერს განსაკუთრებით უყვარს რაგბი და ფეხბურთი. მამუკა ბახტაძე რაგბის არცერთ თამაშს აკლდება, თავისუფალ დროს კი თავადაც არის სპორტული ცხოვრებით დაკავებული. მისი ახლობლის განცხადებით, რაგბის სიყვარული ბახტაძეს ბავშვობიდან მოსდევს, პატარაობისას ის მორაგბე იყო, თუმცა სპორტის ამ სახეობას არ გაჰყვა და ეს მის ჰობად დარჩა.
ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის სკანდალური წევრია. სანამ პარლამენტში მოხვდებოდა, ნინო საკუთარი ბიზნესით იყო დაკავებული და საკმაოდ წარმატებული ბიზნესიც ჰქონდა. ნინო გატაცებულია ტანსაცმლის დიზაინით, მისი ჰობი ასევე გახლდათ თხილამურები. თუმცა ერთი წლის წინ ტრავმა მიიღო და დროებით საკუთარ გატაცებაზე უარის თქმა უწევს.
სიმღერა არის პარლამენტარ ბექა ოდიშარიას საყვარელი საქმე. ოდიშარია ისე კარგად მღერის, ბევრ მომღერალს შეშურდება, თუმცა ეს საქმე მისთვის მხოლოდ ჰობად რჩება. ბექა ოდიშარიას მეუღლესთან ერთად არაერთი სიმღერა აქვს ჩაწერილი, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა.
პარლამენტარ კახა კუჭავას უამრავი საინტერესო ჰობი აქვს. როგორც მან Ambebi.ge-ს განუცხადა, გატაცებულია ფოტოგრაფიით, ფეხბურთით და ექსტრემალური სპორტის სახეობებით:
"ჩემი ჰობია ფოტოგრაფია, წინა სამსახურებიდან გამომდინარე აქტიურად მიწევდა მოგზაურობა და ჩემი კამერით ფოტოებს ვიღებდი. ორი გამოფენა მქონდა. მიყვარს ასევე ფეხბურთი, "ნორჩი დინამოელი" ვარ. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ვთამაობთ ფეხბურთს. მათ შორის პარლამენტარებთან ერთად ქუთაისში ან წყალტუბოში. რაც შეეხება ექსტრემალურ სპორტს, მიყვარს ხიდიდან ხტომა, ჯომარდობა, სნოუბორდი... 2009 წელს ჩემპიონიც გავხდი ჯომარდობაში".
თამარ ბოჭორიშვილი