კლუბ "ბასიანის" დამფუძნებლების განცხადებით, "ქართული მარშის" ლიდერები: გია კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე და ლადო სადღობელაშვილი კლუბში პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ.
როგორც პრესკონფერენციაზე "ბასიანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა განაცხადა, ისინი სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "ბასიანზე" მოვარდებიან და "ალაგმავენ გარყვნილებას".
"მათ შექმნეს "სახალხო პატრული" და იმუქრებიან, რომ კლუბთან მოვარდებიან. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ვიდეოების დადგმას, თითქოს აქ იყიდება ნარკოტიკული საშუალებები, რაც აბსურდია. ეს არის საერთაშორისო კლუბი, ეს ინფორმაციები ხელს გვიშლის ჩვენ, როგორც კერძო ბიზნესს მუშაობაში", - განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.
"ბასიანის" დამფუძნებლები "ქართული მარშის" ლიდერების მიმართ სამართლებრივი დავის წამოწყებას აპირებენ.
როგორც "ბასიანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ განაცხადა, ცილისწამების გამო მათ სამართლებრივად პასუხისგება მოუწევთ.
"ფაქტია, რომ ეს კამპანია ემსახურება "ბასიანის" დისკრედიტაციას. "ქართული მარშის" წევრები არც ყოფილან კლუბში და ვერც იქნებოდნენ, რადგან ჩვენი მკაცრი კონტროლი ასეთი აგრესორების გაფილტვრას გულისხმობს. "ბასიანი" არის პროდასავლური ღირებულებების მატარებელი და ეს არის მიზეზი, რის გამოც აპირებენ ჩვენზე თვდასხმას. ჩვენი იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს და უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს. მოვითხოვთ, უარყონ ცილისწამება", - განაცხადა ტატო გეთიამ.