ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სასამართლოში მისი გამოკითხვის პროცესით ამ ეტაპზე კმაყოფილია. როგორც მან განმარტა, გამოძიებას ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს, რომელსაც პასუხს სცემს. ამასთან, ბურჭულაძის თქმით, "გამოძიებას ეჭვი აღარაფერში ეპარება უკვე".
აღნიშნული კომენტარი მან დაკითხვაზე გამოცხადებული შესვენებისას გააკეთა, ამჟამად კი ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის გამოკითხვა კვლავ განახლებულია.
"გამოკითხვა მიმდინარეობს ძალიან კორექტულად, საქმიანად. ძალიან კარგია, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა და აქ ყველაფერს დაესმება თავისი წერტილი. დღევანდელი დღის, ჯერჯერობით, ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ბევრი შეკითხვაა, თუმცა საუბარი საერთოდ არ ყოფილა მაღაზიებში განთავსებულ ყუთებზე, სადაც გროვდება თანხა. არავითარი ეჭვი არ ეპარება, მე მგონი, გამოძიებას", - განაცხადა ბურჭულაძემ.
ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამორიცხავს. როგორც მან აღნიშნა, კითხვები გამოძიებას მის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ დაუსვამს.
რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ მოტივაციას, ბურჭულაძე ვარაუდობს, რომ ფონდის თაობაზე დაწყებული გამოძიება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.
"გამორიცხულია ჩემს მიმართ საქმე აღიძრას. მინდა ეს ლაქა ფონდ "იავნანას" მოვაშორო. შეიძლება ეს ხდება ჩემი გულისთვის. თუ ეს ასეა, ამას მერე გეტყვით", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.