საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუკრი კვინიკაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კვირიკაშვილს ბრალი 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას).
ადვოკატის განმარტებით, კვირიკაშვილს ამ ეტაპზე 15 000 ლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული.
მისივე თქმით, კვირიკაშვილი არ არის დამნაშავე.
”საქმის მასალებში არსად ფიგურირებს, რომ მერაბ კვირიკაშვილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა. პირველივე ჩვენებაში კვირიკაშვილი ამბობს, რომ ის მოძრაობდა 90-100 კმ/სთ სიჩქარით. საქმის მასალების მიხედვით, მას 30-40 მეტრით უკან მოყვებოდა ავტომობილი. მისი მძღოლიც ამბობს, რომ მივყვებოდი BMW X5-ს 30-40 მეტრის მოშორებით და ვმოძრაობდი იგივე სიჩქარითო (90-100 კმ/სთ). იგი წინა მანქანის სიჩქარეს აფიქსირებს იმით, რომ ჩვენს შორის მანძილი არ იცვლებოდაო. ის ინფორმაცია, რაც არის საქმის მასალებში, რაც არის შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული, ადასტურებს, რომ მერაბი არ არის დამნაშავე. ერთი არის სამართლებრივი მხარე, მეორეა მორალური. მერაბ კვირიკაშვილი ყველას შეურიგდა, თუმცა პაპასკირის ოჯახი არ ურიგდება. მას არ უცდია თავი აარიდოს სასამართლოს, გამოძიებას და ცდილობს ადვოკატთან ერთად საქმეზე დადგინდეს ობიექტური გარემოება”, - განაცხადა კვინიკაძემ.
რაც შეეხება ექსპერტიზას, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დგინდება, რომ კვირიკაშვილის ბრალეულობა არ ყოფილა.
”გამოძიებამ ჩაატარა ექსპერტიზა. ჩვენც ჩავატარეთ ექსპერტიზა და სასამართლომ მისი დასკვნა დასაშვებად ცნო. ამის შემდეგ, ბრალდების მხარემ ანუ პროკურატურამ თვითონ მოითხოვა ჩატარებულიყო კომისიური ექსპერტიზა. ექსპერტიზა დაინიშნა შსს-ში და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. თავდაპირველ ექსპერტიზაში ჩაიწერა, რომ კვირიკაშვილს არანაირი ხელისშემშლელი პირობები არ ჰქონდა გზაზე, გადავიდა საპირისპირო მხარეს და დაეჯახა, რასაც არ დავეთანხმეთ. თუმცა, რეალურად, ეს ავტომობილი მეორე მხარეს გადავიდა მოცურებით და ამას ადასტურებს ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზა. არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ არანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალება მერაბის წინ არ მოძრაობდა და შესაბამისად, გასწრების მანევრს არ აკეთებდა. გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზით გამოიკვეთა, რომ თითქოს მერაბის ბრალეულობა იყო. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა, არის თუ არა საქმეში არსებული მასალებით მერაბის ბრალეულობა და ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ მერაბის ბრალეულობა არ არის”, - განაცხადა კვინიკაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს. როგორც ნანა თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. მისივე თქმით, კვირიკაშვილი და მისი ადვოკატი განმეორებითი ექსპერტიზებით ცდილობენ კვირიკაშვილის გამართლებას, ხოლო ერთ-ერთ მოწმეს მხოლოდ თვეების შემდეგ ”გაახსენდა”, რომ კვირიკაშვილი არა 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, არამედ - 90-100-ით.
2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.
საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს. პროცესი ხვალ, 15:00 საათზეა ჩანიშნული.