რუსთველი მიტროპოლიტის, იოანეს განცხადებით, მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარში მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, მრევლს შორის არსებული დაპირისპირება იყოს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რუსთველმა მიტროპოლიტმა მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტ მირიანის საქართველოში დაბრუნების მიზეზებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
როგორც მიტროპოლიტმა იოანემ აღნიშნა, არქიმანდრიტ მირიანს პირადად არ იცნობს და მისი საქართველოში დაბრუნების კონკრეტული მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მისთვის ცნობილია ის დამოკიდებულება, რაც იქაურ მრევლს შორის არსებობს. ამასთან, მეუფეს უჭირს საუბარი იმაზე, რამდენად შეიძლება მომხდარის მიზეზი თავად "სასულიერო პირის მიერ ჩადენილი რაიმე გადაცდომა იყოს".
"ფაქტის შესახებ არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი იქ არსებული სიტუაცია წლების მანძილზე, 90–იანი წლებიდან დაწყებული, როდესაც ტაძარი მოსკოვის საპატრიარქომ ქართულ სამრევლოს გადასცა. ეს ჩვენი თვისებაა, რომ ერთმანეთს ვერ ვიწყნარებთ. ეკლესიის მრევლი ჯგუფებადაა დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული. მოძღვარი რომ ჩადის, ამ ჯგუფებს შორის იწეწება. ყველა თავისკენ იწევა და მოძღვარს უნდა ისინი გააერთიანოს. თუ რომელიმე ჯგუფის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინა, მას მეორე ჯგუფი უპირისპირდება. ძალიან რთული სიტუაციაა. არ ვიცი, ამჟამად რა მოხდა. არის შემთხვევა, როდესაც მოძღვრის დანაშაულია. არასწორი ქმედება იყო, უფლებების გადამეტება მოძღვრის მხრიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში რა იყო მიზეზი, ჩემთვის უცნობია", – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.
არქიმანდრიტი მირიან შენგელია, რომელიც მანამდე მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მსახურებდა, ამჟამად თბილისში სამების საკათედრო ტაძარში მსახურებს. არქიმანდრიტი აღნიშნულ ტაძარში ერთ წელზე მეტი მსახურობდა. მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში წირვა–ლოცვის ჩასატარებლად თვის ბოლოს უკვე დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გაემგზავრება.