"მეკოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ავარიიდან ერთი წლის შემდეგ" - მორაგბე კვირიკაშვილის ადვოკატი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს

"მეკოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ავარიიდან ერთი წლის შემდეგ" - მორაგბე კვირიკაშვილის ადვოკატი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს

2016 წლის 21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე. ავარიას შეეწირა ახალგაზრდა ცოლ-ქმარის ნუცა კალანდარიას და გიორგი პაპასკირის, ასევე მათი მეგობრის ანი ჩხეიძის სიცოცხლე.

გიორგი პაპასკირის დედამ გვიან ღამით სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, ის მეკო კვირიკაშვილის დასჯას და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.

AMBEBI.GE კვირიკაშვილის ადვოკატს, კოკა კვინიკაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო კოკა, რა ეტაპზეა ამჯერად საქმის გამოძიება?

- ამ ეტაპზე სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს, დაინიშნა ექსპერტიზა, რომელიც ბრალდების მხარემ მოითხოვა, სწორედ ამ დამატებითი ექსპერტიზის დასკვნას წარმოადგენს ხვალ სასამართლოზე პროკურატურა. შსს-მ და სამხარაულის ბიურომ ჩაატარა ეს დამატებითი ექსპერტიზა.

- რატომ გახდა საჭირო დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება?

- ეს მოითხოვა ბრალდების მხარემ, ანუ პროკურატურამ. ბრალდების მხარე ვალდებულია, მეკოს წინააღმდეგ წარმოადგინოს მასალები. შეჯიბრებითობის პრინციპია და ვისი არგუმენტაციაც უფრო მყარი იქნება, იმას გაითვალისწინებს სასამართლო.

- ხვალ არის ჩანიშული სასამართლო, თქვენი აზრით რა გადაწყვეტილებას მიიღებს?

- მე მიმაჩნია, რომ მეკო კვირიკაშვილი არ არის დამნაშავე.

- ავარიის დროს გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის დედა ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით მეკო კვირიკაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და სწორედ ამან გამოიწვია უბედური შემთხვევა...

- ყველაფრის თქმა შეიძლება. შეიძლება ისიც თქვა, რომ მეკო კვირიკაშვილმა განიზრახა თავის დაღუპვა. ეს არის უბედური შემთხვევა, შესაძლო იყო მეკო გარდაცვლილიყო და ყველა ცოცხალი გადარჩენილიყო. მეკო დიდი სისწრაფით რომ არ მიდიოდა, ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ის დაეჯახა "ჰონდა ფიტს", რომელიც მეკოს მანქანაზე მსუბუქია და ორივე მანქანა გაჩერდა შეჯახების ადგილზე.

- გინდა თქვათ, რომ გიორგი პაპასკირი მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით?

- არცერთი მიდიოდა გადაჭარბებული სიჩქარით და არც მეორე.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ავარია გამოიწვია მესამე ავტომობილმა, ნაპოვნია იმ ავტომობილის მძღოლი?

- ის მანქანის მფლობელის ვინაობა გამოძიებამ ვერ დაადგინა და ეს დაცვის მხარის დასადგენი არ არის. მეკოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ავარიიდან ერთი წლის შემდეგ, 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით. ამის შემდეგ გადმოგვეცა ჩვენ საქმის მასალები და მტკიცებულებების შეგროვებას იმ ავტომობილის დასადგენად ერთი წლის მერე ვერ დავიწყებდით.

- ქალბატონი ნანა ამბობს, რომ მეკო კვირიკაშვილი არც კი მივიდა გარდაცვლილების ოჯახში, მართალია?

- ასეთი რამე რომ იყოს, მეკო კვირიკაშვილს არ დავიცავდი, მიუხედავად იმისა, რომ მეკოს უდანაშაულობაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. ასეთ დროს, აუცილებლად უნდა მიხვიდე და სამძიმარი უთხრა ოჯახს. ნამდვილად იყო მეკო მისული გარდაცვლილების ოჯახში და მათ დახმარებაც შესთავაზა... ის დღემდე განიცდის რაც მოხდა და ახლა არაადამიანი გამოჰყავთ მეკო კვირიკაშვილი. ეს ასე ნამდვილად არ არის. ვინც შეესწრო ავარიას და ნახა, რა მდგომარეობაში ჩავარდა მეკო შემთხვევის შედეგად, ის ხალხი დღემდე შოკშია. ყველა მოწმე გამოძიებამ გამოკითხა, ვინც იმ დროს ადგილზე იყო. მათ შორის არიან სამხედროები, რომელებიც ამ ამბავს შეესწრნენ. არც ვიცი, ვინ არიან სახეზე მოწმეები.

- როგორაა მეკო?

- მეკო ძლიერი პიროვნებაა, მწარედ განიცდის ამ ამბავს, მაგრამ მეგობრები უდგანან გვერდით. სულ სხვა ხალხია ეს რაგბისტები. 4 შვილი დარჩა, ავარიის შედეგად ამდენი ადამიანი გარდაიცვალა და წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაშია?

- რისი იმედი გაქვთ, ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო?

- ამ სასამართლოს პირობებში მიმაჩნია, რომ მხოლოდ გამამრთლებელი განაჩენი დადგება. საქმის მასალებით ბრალეულობა არ დასტურდება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შეიცვალა ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის ცხოვრება და ვინ ეხმარება მას შვილების აღზრდაში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ