შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მანდატურის სამსახური იმ სკოლებშიც შევიდეს, სადაც მანდატური ახლა არ იმყოფება.
შესაბამისი კომენტარით უპასუხა ნათია მეზვრიშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ დაიცავს მოსწავლეების უსაფრთხოებას რეგიონებისა და სოფლების სკოლებში, სადაც მანდატურები არ ჰყავთ.
"ამ საკითხის გადახედვა იგეგმება კანონპროექტის შემუშავების შემდეგ, რადგან განათლების სამინისტროს გაწერილი აქვს წესი, რომლის მიხედვითაც დღეს იმ სკოლებში, რომლებშიც 300 მოსწავლეზე ნაკლებია, მანდატური არ ჰყავთ. შესაძლოა, ზოგიერთ სკოლაში ამის საჭიროება არც დადგეს - მაგალითად, მაღალმთლიან რეგიონებში, სადაც 2-3 მოსწავლეა, თუმცა ამ წესის გადახედვა იგეგმება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, ალბათ, მანდატურის რაოდენობაც გადასახედი იქნება, როტაციის წესიც და ა.შ. სკოლების უმრავლესობა მოცულია, თუმცა იმ სკოლებში, რომლებშიც არ არიან მანდატურები, შესაძლოა, საკითხი გადაიხედოს. რამდენი მანდატური და როდის მიავლინონ, ამას უკვე განათლების მინისტრი დაამტკიცებს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მანდატურები აბსოლუტურად ყველა სკოლაში იყვნენ, თუ ამის საჭიროება დადგება.