"საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე და სოსო პავლიაშვილის პროდიუსერს, გიორგი გაბედავას მოსკოვში სასტიკად სცემეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ინფორმაციას Mk.ru ავრცელებს.
პავლიაშვილის ნათლული და პროდიუსერი, 28 წლის გიორგი გაბედავა მოსკოვში რამდენიმე კვირის წინ გაემგზავრა, სადაც, რუსული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტის გადაღება მიმდინარეობს.
გაბედავას და მის ცოლს ახლობელმა შესთავაზა, კომუნალურ საცხოვრებელში მის კუთვნილ ოთახში ეცხოვრათ, თუმცა მეზობლებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ოთახი მათ ეკუთვნოდათ და ქართველმა წყვილმა სხვა საცხოვრებლის ძებნა დაიწყო.
შაბათს, 3 თებერვალს გაბედავამ და მისმა ცოლმა ოთახიდან საკუთარი ბარგის გატანა დაიწყეს. როდესაც ჩემოდნები უკვე მანქანაში ჩააწყეს, ერთ-ერთი მეზობელი გაბედავას თავს დაესხა.
პავლიაშვილის პროდიუსერს ჭრილობები აქვს მიყენებული როგორც დანით, ასევე - ცეცხლსასროლი იარაღით, მათ შორის მუცლის არეშიც.
ადგილზე მალევე მივიდნენ სამართალდამცველები, ამოღებულია დანაც, თუმცა, რუსული გამოცემის ცნობით, გამოძიება არც ისე აქტიურად მიმდინარეობს.