ავტორი:

"კინგ კონგი და დიუმოვოჩკა" - უჩვეულო ქართველი წყვილის არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია

"კინგ კონგი და დიუმოვოჩკა" - უჩვეულო ქართველი წყვილის არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია

12 წელია ერთად არიან, ჯვარი დაწერილი აქვთ, მაგრამ ქორწილი არ გადაუხდიათ - სტუმართა რაოდენობა რომ დათვალეს, 1000 ადამიანზე ავიდა, თუმცა ფიქრობენ, რომ ისეთ ქორწილს, როგორიც უნდათ, მაინც გადაიხდიან...

გვინდა გაგაცნოთ წყვილი, რომელიც საზოგადოების დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს, ამასთან ყურადღებასაც - ერთმანეთისგან გარეგნულად რადიკალურად განსხვავებულები არიან. ამბობენ, რომ თითოეულმა საკუთარი თავი ერთმანეთში იპოვა. ზაურ რეხვიაშვილს, იგივე ზაურ ზაურიჩს თბილისში კარგად იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მძიმეწონიანი გახლდათ, პლასტიკურობას არასოდეს უჩიოდა. ცოტა ხნის წინ კუჭის "დაპატარავება" გადაწყვიტა და 263 კილოგრამიდან 110 კილო დაიკლო.

AMBEBI.GE ერთი შეხედვით უჩვეულო წყვილის - ზაურ რეხვიაშვილისა და ეკა ძნელაძის სიყვარულის ამბავს გიამბობთ.

"2002 წელს "თელასში" ვმუშაობდი. ერთხელაც, კიბეებზე ვიღაც პატარა ბავშვი შევნიშნე, რომელიც ზემოდან მორბოდა. "ვაიმე, შვილო, ასე სად გარბიხარ-მეთქი? - ვუთხარი. თან, მომეწონა, რაღაც კარგი გოგო ჩანდა, მაგრამ ცივად ჩაირბინა, არც გაჩერებულა. მერე ვიკითხე, ეს ბავშვი ვინ არის-მეთქი? რა ბავშვი, ფინანსებში მუშაობს, მკაცრი ადამიანიაო. ერთხელ კიდევ ვნახე, კიბეებზე მორბოდა და ვუთხარი, - რატომ არ მირეკავ-მეთქი? რატომ უნდა დაგირეკო? თან, ტელეფონი არ მაქვსო - 25-27-29 - ამ ნომერზე დამირეკე-მეთქი - მივაძახე. მოგვიანებით "თელასის" კორპორაციული საღამო გაიმართა, სადაც მე და ეკა წამყვანები ვიყავით და ყველაფერი იქიდან დაიწყო," - გვიყვება რესპონდენტი.

იხილეთ ვიდეო: "მამაჩემს ისე ეწყინა, 4 თვე არ იყო ბედნიერი ამ ამბით" - ქართველი "კინგ კონგისა და ნამცეცას" სიყვარულის არაჩვეულებრივი ისტორია

- ჯერ ბავშვი გეგონათ, მერე მოგეწონათ და ბოლოს დამეგობრდით?

ეკა ძნელაძე: "თელასში" რომ ვმუშაობდი, იმის დრო არ გვქონდა, რომ ლიფტს დავლოდებოდი და კიბეებზე ფეხით დავრბოდი ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ჩარბენისას, ზაურმა გამაჩერა და მითხრა, რატომ არ მირეკავო, გამიკვირდა, რატომ უნდა დამერეკა? მხოლოდ შორიდან ვიცნობდი... მერე ისე მოხდა, რომ დავმეგობრდით, მაგრამ როდის გაჩნდა პირველი გრძნობა, ესეც კარგად მახსოვს: ზაურის დანჯღრეულ "ნივაში" ვისხედით, რაღაცნაირად გამომხედა და მივხვდი, რომ მის მიმართ რაღაც სხვა გრძნობა მქონდა, ვიდრე მეგობრობა იყო. ის ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც მინდოდა ყოფნა.

- ზაურ, სიყვარული როგორ აუხსენით?

- მუხლზე დავეცი და - მე შენ მიყვარხარ! - ასე არ ყოფილა. ყველაფერი ურთიერთობაში აეწყო... გეტყვით, ცოლად როგორ მოვიყვანე: მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ჩემი ბიძაშვილია, ერთხელაც, მე და ეკა მასთან და მის მეუღლესთან დათო ნაცვლიშვილთან მივედით. სახლში მხოლოდ დათო დაგვხვდა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ დათო მეუბნება, - ბიჭო, რას დააპროწიალებ ამ გოგოს? ან უთხარი, გიყვარს, ან ცოლად მოიყვანე, ან თავი დაანებეო. მაშინვე მივუბრუნდი ეკას - ხომ არ გამომყვები ცოლად-მეთქი? ჯანდაბას შენი თავი, გამოგყვებიო. იქიდან აღფრთოვანებული წამოვედი.

ეკა თავისთან სახლში დავტოვე, რადგანაც პრობლემა ის იყო, რომ ეს ამბავი მამამისმა არ იცოდა. ამიტომ, ეკამ მითხრა, - სანამ მამა არ გაიგებს, ხმა არ გაავრცელოო. რა არ გავავრცელო, ძლივს გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა. შენ სახლში მოაგვარე ეგ თემა და მე მეგობრებს ვეტყვი-მეთქი. 5 წუთში ჩემს ტელეფონზე ამბავი ატყდა, მეგობრები მილოცავდნენ.

ეკა:

- ზაურის წინადადება გამიხარდა, რადგანაც ძალიან მინდოდა მასთან ყოფნა, მაგრამ ჩემი ეს ნაბიჯი შოკისმომგვრელი იყო ჩემი მეგობრებისთვის, ნაცნობებისთვის. ერთ ახლობელს დედაჩემმა რომ უთხრა, - ეკა თხოვდება და ზაურს მიჰყვებაო, ჯერ კარგა ხანი იფიქრა და ბოლოს უთხრა, აი, ამას (ხელები ფართოდ გაშალა და ზაურის მოცულობაზე მიანიშნა)? არ არსებობსო!..

ზაურთან მეგობრობა რომ დავიწყე, ჩვენთან ხშირად მოდიოდა. ურთიერთობა ჰქონდა ჩემს მშობლებთან, ძმასთან. გათხოვება რომ დავაპირე, მამისთვის თქმა ძალიან გამიჭირდა, იმიტომ კი არა, რომ ზაური იყო, მამას არ უნდოდა, რომ გავთხოვილიყავი. საბოლოოდ, მაინც ვერ შევძელი მეთქვა, რაშიც დედა დამეხმარა. ისე ეწყინა, რომ ამ ამბით კარგა ხანს არ იყო ბედნიერი. როდესაც ზაური ჩემს წასაყვანად მოვიდა, ცრემლები წამოუვიდა. ზაურმა, იქნებ დარჩე და სხვა დროს წავიდეთო.

ზაური:

- სულ ვამბობ, რომ მე ვიპოვე ჩემი თავი ეკაში. ის კი არა, რომ ჩემი მეორე ნახევარია, - მგონია, რომ მე ვარ მასში. რაც საკუთარ თავში მომწონს და მასზე ხმამაღლა ვერ ვიტყვი, დიახ, ის ეკაში აღმოვაჩინე და ეს ყველაფერი ერთიანია, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ცხოვრებაში ეკას შემახვედრა! მადლობა ყველაფრისთვის ეკას!

- თქვენ შორის გარეგნული განსხვავებაა წონაში, სიმაღლეში. ამ თემაზე ადრე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს სახელწოდებით "კინგ კონგი და "დიუმოვოჩკა" (ერთიციდა)".

- ეს გოგო მომწონს ასეთი, როგორიც არის - ჰაეროვანი, მინიატურული და ლამაზი, ჭკვიანი. ერთხელ ბათუმის ბულვარში დავსეირნობდით. ფილმის გადამღები ჯგუფი მოვიდა და გვკითხეს, - შეიძლება თქვენზე კინო გადავიღოთ? რას დაარქმევთ-მეთქი? თქვენს ურთიერთობაზე იქნება და "კინგ კონგი და დიუმოვოჩკაო". მაშინ 263 კილოგრამს ვიწონიდი.

ეკა:

- დიდ განსხვავებას ჩვენ შორის წონაში, სიმაღლეში ვერასდროს ვგრძნობდი. ერთადერთი, რაც მაწუხებდა, ზაურის ჯანმრთელობა იყო. რომ ვუყურებდი და ვუყურებ, ხანდახან მგონია, რომ მე უფრო მაღალი ვარ და დიდი... სასაცილო ის არის, რომ ერთი მეგობარი ამბობდა, ძალიან მეშინია შენიო. რატომ-მეთქი? ამხელა კაცს რას უშვრები და რომ მოინდომო, მე რას მიზამო? რა ვიცი, ეტყობა, ასე ჩანს შორიდან, რომ ამ პატარა გოგომ ამხელა კაცი დავიმორჩილე...

- ზაურ, ცოტა ხნის წინ კუჭის ოპერაცია გაიკეთეთ. არ იყო რთული ამ ნაბიჯის გადადგმა?

- ეს გადაწყვეტილება ჩემმა კლასელმა, ძმაკაცმა, უნიჭიერესმა ექიმმა - დათო აბულაძემ მიმაღებინა. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ეკასაც დიდი წვლილი მიუძღვის. ოპერაცია 24 ივლისს გავიკეთე, ოპერაციამდე 45 კილო დავიკელი, შემდეგ - 60 კილო. სულ 110 კილო მაქვს დაკლებული. ახლა ვარ 158 კგ და ისე მიხარია, შეგრძნება მაქვს, რომ თავიდან დავიბადე. ამ ყველაფრისთვის დიდი მალდობა ეკას. რომ არა ის, ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი, შემდეგ, რა თქმა უნდა, დათო აბულაძეს თავის გუნდთან ერთად.

ცოტა ხნის წინ, მაღაზიაში შევედი, სადაც გოგონამ მიცნო, იცოდა ჩემი მუდმივი პრობლემის შესახებ, შესაფერის ტანსაცმელს ვერსად რომ ვშოულობდი. ბატონო ზაურ, ისე დაგიკლიათ, ერთი ქურთუკი უნდა გამოგიტანოთ, უპრობლემოდ მოგერგებათო. ბედნიერებაა, რომ შენს ზომას ჩაიცვამ. ახლა ფეხით სიარულიც მიხარია. იმ ზომის ჯინსი მაცვია, მანამდე, ვერც წარმოვიდგენდი, თუ მას ოდესმე ჩავიცვამდი. საოცარი რაღაცები ხდება ჩემს ცხოვრებაში.

ეკა:

- რაც ერთად ვართ, პრაქტიკულად, ორივე ვწვალობდით, რადგანაც გამუდმებით დიეტაზე იყო. ერთხელ 140 კილო დაიკლო, მაგრამ ისევ მოიმატა. არ არის ადვილი დიეტის დაცვა... ნებისმიერი ოპერაცია თავისთავად საშიშია, მაგრამ ოპერაციის გაკეთება დათო აბულაძის ფაქტორმაც განსაზღვრა. პროფესიონალია.

ზაური ოპერაციაზე რომ შევიდა, ეს დღე ძალიან რთული იყო, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ოპერაციის შემდეგ ძალიან შეიცვალა. სულ სხვა ადამიანია, არაფერი ეზარება. დიდი წონა რომ ჰქონდა, დილით შეიძლება ჩაეცვა, საქმეზე წასასვლელად მომზადებულიყო, მაგრამ არ მიდიოდა. ასეთი რამ, ხომ ვამბობ, აღარ ხდება.

- ალბათ ბევრი კურიოზული ამბავიც ყოფილა.

- ერთხელ ბორჯომში "მეოთხე სამმართველოში" ვისვენებდი, ჯერ დაოჯახებულები არ ვიყავით და ზაური ჩემს სანახავად ჩამოვიდა. მოშივდა და სად ვჭამოო? იქ პანსიონატის სასადილო იყო და არავინ აჭმევდა, მაგრამ რომ დაინახეს, ძვირფასი სუფრა გაშალეს. რამდენი გადავიხადოო? არაფერი, მიბრძანდითო. მერე დამიძახეს და მკითხეს: ამ კაცს რა ჰქვიაო? ზაური-მეთქი. როგორ? ეს კახა ბენდუქიძე არ არისო? სახლში ზაურს ვეძახით-მეთქი, რომ არ სწყენოდათ, ასე ვუთხარი.

ზაური:

- პირველი ურთიერთობაში სიყვარულია, მეორე ურთიერთპატივისცემა და დათმობა. თუ დათმობის კულტურა ორ ადამიანს შორის არ არსებობს, სიყვარული წაიშლება. მე ჩემს მეუღლესთან წინააღმდეგობის გაწევა არ შემიძლია. რომც არ ვეთანხმებოდე, თავს მაინც დავაქნევ, რაც უფრო მსიამოვნებს. ეს სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა.

ეკა:

- ვცდილობთ, ორივე კარგად ვიყოთ. ეგოისტები არ ვართ. დამთმობი უფრო ზაურია, მთავარია, რომ ერთად ვართ და რომ მეწყინოს, ისიც ვიცი, რომ ერთნი ვართ და არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კი, ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი.

ფოტო: ვანო გორგიშვილი

"აქ რამდენიმე წარმატებული ბიზნესი მაქვს... მიხარია, რომ მამა საქართველოშია" - როგორია ნუგზარ რუხაძის მუსიკოსი შვილის ამერიკული ცხოვრება

„ნენსკრა ჰიდრომ“ ეკონომიკის სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

"ზურა დოიჯაშვილს თბილისში აღარ აქვს საცხოვრებელი..." - მომღერლის მეგობრები თბილისის მერს თხოვნით მიმართავენ