თანამედროვე საქართველოს ომები უამრავ, მნიშველოვან ეპიზოდს ინახავს, რომელზეც მსჯელობა მეოთხედი საუკუნის შემდეგაც არ არის გვიანი; ალბათ ბევრმა არ იცის, რომ 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ ომში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალებმაც... საქართველოს ისტორიას ქალების გმირობის უამრავი მაგალითი ახსოვს, - უახლესი ისტორიიდან, ერთ-ერთი ასეთია 21 წლის ლილი თაკვარელია, შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების პოლკის მებრძოლი...
1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავში ისიც იყო... ლილი აფხაზეთში მიფრინავდა, ქართველ მეომრებს რომ მიშველებოდა. მის შესახებ ძალიან ცოტა რამეა ცნობილი.
მისი გახსენება მის თანამბრძოლს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციულ არქივის უფროსს, გელა ათაქიშვილს ვთხოვეთ...
"ერთ დღეს, ჩვენი შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილში მამაკაცი მისულა, - ჩემს 19 წლის ქალიშვილს ძალიან უყვარს ცხოველები, თუ ვინმე ლეკვს აჩუქებს, ყველა სახლში მოჰყავს და იქნებ რამე სამსახური გამოუძებნოთო...
ასე მოიყვანეს შინაგანი ჯარების კინოლოგიაში ძალიან ლამაზი და ენერგიული გოგო ლილი თაკვარელია. მაშინ ქალების სამხედრო სამსახურში მიღება და დასაქმება ასეთი ხშირი არ იყო... მახსოვს, არც მამას უნდოდა, მისი შვილი საომარ პროცესებში ჩართულიყო, ნერვიულობდა. ჩვენი ხელმძღვანელობაც უფრთხილდებოდა და ცდილობდა, რთული და სახიფათო საქმეებისთვის აერიდებინა... ეს იყო 1993 წელი..." - იხსენებს აფხაზეთის ომის მონაწილე.
მისივე თქმით, ძალიან მალე ლილი პროფესიონალი კინოლოგი გახდა. ერთხელ თბილისის ზოოპარკიდან მაიმუნი გაიპარა. შესაბამისმა სამსახურებმა, მომთვინიერებლის პოვნამდე, ლილის სთხოვეს, დაგვეხმარეთო. მან ძალიან მალე იპოვა და გალიაში დააბრუნა.
ერთხელაც, მას და მის თანამშრომელს ერთმანეთი შეუყვარდათ და ყველაფერი აქედან დაიწყო... "სომეხი იყო ის ბიჭი... ზემდეგის წოდება ჰქონდა. ხანდახან, რამდენიმე თვით, თავისი სპეციალობით აფხაზეთშიც უშვებდნენ. ლილი მასზე ყოველთვის ნერვიულობდა და სულ მასთან ყოფნას ცდილობდა. მათ შორის, ომშიც... თუმცა, ხელმძღვანელობა ამის უფლებას ხშირად არ აძლევდა, რადგან საბრძოლო მოქმდებებში გამოუცდელი გოგო იყო.
ბევრს მუშაობდა თავის თავზე - მახსოვს, ტირშიც კი დაიწყო ვარჯიში და იმდენად კარგად ისროდა, ბევრ მამაკაცს არ ჩამოუვარდებოდა... რამდენჯერმე აფხაზეთშიც წავიდა, თუმცა, როგორც გითხარით, უფრთხილდებოდნენ და წინა ხაზზე არ უშვებდნენ. თანამებრძოლებს დისლოკაციის ადგილზე ეხმარებოდა.
იქიდან დაბრუნებული ყოველთვის ცუდ ხასიათზე იყო... ხვდებოდა, რომ აფხაზეთში ვითარება დღითიდღე იძაბებოდა და უარესდებოდა. აფხაზეთის დაცვაში თავისი წვლილის შეტანა სურდა... სოხუმიდან უკვე ცუდი ხმები ისმოდა. გახსოვთ ალბათ, 16 სექტემბერს "სოჭის სამშვიდობო შეთანხმება" დაირღვა და ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. მან მაშინ სამხედრო ხელმძღვანელობას რამდენჯერმე სთხოვა სოხუმში გაშვება, მაგრამ უარი უთხრეს..." - ამბობს გელა ათაქიშვილი.
1993 წლის 22 სექტემბერს, თბილისიდან მისი თანამებრძოლები სოხუმში უნდა გაფრენილიყვნენ. ლილის უთქვამს, გამოგაცილებთო. აფრენამდე, ყველასთვის შეუმჩნევლად, თვითმფრინავის საპირფარეშოში დამალულა, რომ როგორმე სოხუმამდე ჩაეღწია...
"არადა, ჩვენ წინა დღეს გავფრინდით და გვთხოვა, წამიყვანეთო. უარი ვუთხარით. კარგად ისროდა, მაგრამ ომი მხოლოდ სროლა არ არის... პრაქტიკული გამოცდილება სჭირდება. შეგვეცოდა. ომის უბედურებისთვის ვერ გავიმეტეთ... ერთი სიტყვით, ეს გაფრენა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - თვითმფრინავს, ბაბუშერას აეროპორტში, მოწინააღმდეგის კატარღიდან ყუმბარა ესროლეს... 7 თუ 8 ადამიანი გადარჩა. ლილის ცხედარი ისე იყო დანახშირებული, ვერც მიაგნეს. შემდეგ, 1997 წელს, ტყვეთა გაცვლის კომისიის დახმარებით ჩამოასვენეს თბილისში..." - იხსენებს აფხაზეთის ომის ვეტერანი.
ლილის შეყვარებული მივლინებით, თავის სამხედრო ნაწილთან ერთად, ერთ-ერთი ციხის გარედაცვაზე ჰყავდათ გაშვებული და გადარჩა... ვეტერანთა სახელმწიფოს სამსახურმა ლილი თაკვარელია სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენზე წარადგინა. პრეზიდენტს ხელი უკვე მოწერილი აქვს, თუმცა, დოკუმენტი დღემდე ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურში ინახება... ლილი თაკვარელიას მშობლები გარდაცვლილი ჰყავს. ძმა კი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთში ცხოვრობს... "სამწუხაროდ, არავინ დარჩა, ვისაც ამ ჯილდოს გადავცემთ", - ამბობს მისი თანამებრძოლი.
კადრები, რომელიც 1993 წლის 22 სექტემბერის ავიაკატასტროფის შემდეგ არის გადაღებული