ჩვენი, მთელი პანკისის ხეობის, საქართველოს მოსახლეობის 70%-ის, ქისტების, ჩეჩნური დიასპორის მოთხოვნააა, რომ მოგვენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა, გადმოგვეცეს საქმის მასალები და დაისაჯოს ყველა პირი, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ მოთხოვნებზე ისაუბრებს მთავარ პროკურორთან შეხვედრის დროს.
"ჩვენი მოთხოვნა პირველ რიგში არის, რომ მოგვენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა და საქმის მასალები გადმოგვეცეს, რომ მიეცეთ ადვოკატებს მუშაობის საშუალება და საქმის ევროპაში გატანის. ეს არის მთელი პანკისის ხეობის, ქისტების, ჩეჩნური დიასპორის მოთხოვნა. ასევე უმკაცრესი ზომებით უნდა დაისაჯოს სპეცრაზმელი, ასევე სპეცოპერაციის დამგეგმავი. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც სიტყვით და ხელით არის ჩარეული ამ საქმეში",- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადვოკატები ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ხვდებიან.