ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებული პირის სათანადოდ დასჯას ითხოვს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მირანდა ფაღავამ 28 იანვარს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მასზე განხორციელებულ თავდასხმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრანსფობიურ ნიადაგზე მისთვის უცნობი მამაკაცი თავს დაესხა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ერთ-ერთ მარკეტში შედიოდა, რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა მასთან მისვლა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ფაღავას განმარტებით, მარკეტიდან გამოსვლის შემდეგ კი აღნიშნული პირი თავს დაესხა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
მირანდა ფაღავას განცხადებით, შემთხვევიდან მეორე დღეს ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მივიდა. მირანდა ფაღავა თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაზიანებების ხარისხზე სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროდან პასუხს ელოდება.
როგორც ფაღავამ აღნიშნა, ადამიანი, რომელიც მას თავს დაესხა, მისი მეზობელი აღმოჩნდა, თუმცა პირადად არ იცნობს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირს სხვა ტრანსგენდერებთან კონფლიქტი არაერთხელ ჰქონია.
”28 იანვარს ჩემს საცხოვრებელ სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დამესხა ჩემთვის უცნობი პირი, რომელმაც ფიზიკური და მორალური ზიანი მომაყენა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩამიტარდა ექსპერტიზა. დაზიანების შედეგად მაქვს მხედველობის პრობლემები, ასევე სხეულზე სხვადასხვა ტიპის სისხლჩაქცევები და დალურჯებები. მე ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი ტიპის ინციდენტები არ უნდა ხდებოდეს და ადამიანები განმასხვავებელი ნიშნების გამო არ უნდა იჩაგრებოდნენ. მადლობას ვუხდი ”ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებს, რომლებმაც სასწრაფო დახმარების მანქანა და პატრული გამოიძახეს. თვითონ ინციდენტს არაერთი ადამიანი შეესწრო, რომლებიც გულგრილად უყურებდნენ ამ ყველაფერს და მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. ინციდენტის მერე კი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ვთქვი, თუმცა მეორე დღეს წავედი კლინიკაში. ექიმებმა ორკვირიან წოლით რეჟიმზე მომცეს რეკომენდაცია. მარკეტში შესვლის დროს კი გოგონებს პატრულში დარეკვა ვთხოვე, რადგან ჩემი მობილური ტელეფონი დამჯდარი იყო. ამაზე კი უარი მითხრეს. გარეთ რომ გამოვედი, ეს პირი მაშინვე თავს დამესხა. ბოლოს აიღო სარეკლამო რკინის დაფა და ის ჩამარტყა. მისი შეკავება საბედნიეროდ ტაქსის მძღოლმა შეძლო”, - განაცხადა მირანდა ფაღავამ.
როგორც ცნობილია, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ამასთან, მირანდა ფაღავა ითხოვს, რომ საქმე კიდევ ერთი მუხლით- 144-ე მესამე პრიმა მუხლით წარიმართოს, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.